საფრანგეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება. მიმდინარე წლის 31 მარტიდან, ქართულ ავიაკომპანია „Georgian Airways”-თან ერთად, რეგულარულ ავიარეისებს აღნიშნულ მიმართულებაზე წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ”Air France” განახორციელებს.
რეგულარული ფრენები პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: ჩამოფრენა კვირას და ოთხშაბათს, გაფრენა – ორშაბათსა და ხუთშაბათს. რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “Air France”-ს პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 თებერვალს მიენიჭა.
წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის კვირაში 4 სიხშირით შესრულდება (Georgian Airways წინასწარი ინფორმაციით – 2 სიხშირე; Air France – 2 სიხშირე).
„Air France“ ავიაკომპანიების გლობალური ალიანსის „Sky Team”-ის დამფუძნებელი წევრია. 2018 წლის მონაცემებით, Air France–KLM ჯგუფის შვილობილი ავიაგადამზიდველი მსოფლიოს 92 ქვეყნის 195 მიმართულებით ოპერირებს.