2018 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა. PMCG-ის ინფორმაციით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში – 180 ლარი და აჭარაში – 156 ლარი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ივლისში აღნიშნული რეგიონების 3* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის (ოქტომბერი – ივლისი) მაქსიმუმს მიაღწია. ივლისში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი – 89 ლარი და იმერეთი – 110 ლარი.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 254 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები სამცხე-ჯავახეთში – 297 ლარი და კახეთში – 289 ლარი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ივლისში, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის 4* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. ივლისის თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155 ლარი და იმერეთი – 219 ლარი.