ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საავიაციო სექტორის 60-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან დარგში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა.
მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს საავიაციო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მის სწრაფ აღდგენაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეკონომიკის სხვა მიმართულებების, განსაკუთრებით კი ტურიზმის მდგომარეობა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 400-დან 450 ფრენამდე შესრულდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების შემოყვანას. გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება გადაზიდვების ინდუსტრია და მოხდება ავიაციის სფეროში მეტი კვალიფიციური კადრის არსებობისა და დასაქმების ხელშეწყობა.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად განიხილა სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევები და ბიზნესის წარმომადგენლებს მათი გადაჭრის გზების ერთობლივი შემუშავება შესთავაზა.
ავიაციის კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს კოვიდ-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის საკითხები. აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს დარგობრივ შეხვედრებს ბიზნესთან და მათთან დიალოგის გზით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზებს განიხილავს.