უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი თბილისის მიმართულებით სპეცრეისს განახორციელებს. ფრენა 22 მარტს განხორციელდება და ავიაკომპანია საქართველოდან უკრაინის მოქალაქეებს გაიყვანს, რომლებიც COVID-19-ის პრევენციის მიზნით გაუქმებული ავიარეისებისა და ჩაკეტილი საზღვრების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ავიაკომპანია იმ ადამიანების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს, რომლებთაც უკრაინაში დროებით ცხოვრებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნიათ. 

SkyUp Airlines-მა უკვე გაწერილი და შეთანხმებული სპეცრეისების განრიგი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანია უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში ჩაიყვანს შემდეგი ქალაქებიდან – ვენა, ლარნაკა, ციურიხი, პარიზი, ალიკანტე, ბერლინი, ვარშავა, ლისაბონი, ტალინი, მიუნხენი, ნეაპოლი, ლონდონი და ფრანკფურტი.

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ის თვითმფრინავები აღნიშნული ქალაქების მიმართულებით ცარიელი ბორტებით გაფრინდებიან, გარდა პრაღისა, თბილისისა და პარიზისა. როგორც ირკვევა, ამ სამი ქალაქის მიმართულებით SkyUp Airlines-ი მგზავრების ტრანსპორტირებას მოახდენს.