მსოფლიო ავიაკომპანიებმა ვალდებულება აიღეს, რომ 2050 წლამდე CO2-ის ემისიებს ნულამდე შეამცირებენ, – ნათქვამია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) განცხადებაში.
შესაბამისი რეზოლუცია IATA- ს წევრების მიერ უკვე მიღებულია, საუბარია 290 კომპანიაზე, რომლებიც თავის მხრივ გლობალური საჰაერო მგზავრების 82%-ს უზრუნველყოფენ.
“მსოფლიო ავიაკომპანიებმა მიიღეს კრიტიკული გადაწყვეტილება ფრენების მდგრადობისკენ. COVID-19-ის შემდგომ სექტორის გამოჯანმრთელება გამონაბოლქვის შემცირებისკენ იქნება მიმართული”, – ამბობს IATA-ს აღმასრულებელი დირექტორი ვილი უოლში.
მისი თქმით, ავიაკომპანიების კოლექტიურმა ძალისხმევამ და მთავრობების დამხმარე ზომებმა ინდუსტრიას 2050 წლისთვის ნარჩენების ნულამდე შემცირების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
ცხადია თავის მხრივ, ასეთი ამოცანა საკმაოდ ამბიციურია იმ სექტორისთვის, რომელმაც COVID-პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე გამოჯანმრთელება ახლახან დაიწყო.
საავიაციო ინდუსტრიის დეკარბონიზაცია, რომელიც გლობალური გამონაბოლქვის 2%-ს შეადგენს, საკმაოდ რთული საკითხია და IATA აღიარებს, რომ ამ გამოწვევების დაძლევა მნიშვნელოვანია.
“ინდუსტრიის დეკარბონიზაცია არის რეალური გამოწვევა, რადგან ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში არ გვაქვს ამის მკაფიო გადაწყვეტა”, – თქვა უოლშმა.
იმ ღონისძიებებს შორის, რომელთა განხორციელებასაც ავიაკომპანიები გეგმავენ, არის ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის (SAF) აქტიური გამოყენება, რომელიც ახლა არასაკმარისი მოცულობით იწარმოება. გარდა ამისა, ავიაკომპანიები მოუთმენლად ელიან ახალ ტექნოლოგიებს, ინფრასტრუქტურის ეფექტურობის გაუმჯობესებას და ინდუსტრიის მიერ ელექტრო და წყალბადის ძრავების გამოყენებას.
უოლშმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ორი უმსხვილესი ავიამწარმოებელი – Boeing Co. და Airbus SE, საკმარისად არ მუშაობენ ემისიების შესამცირებლად ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისათვის.