2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – ‘’British Airways” შემოდის.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
„ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დავასრულეთ. შედეგად, ერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან. ეს იყო ხანგრძლივი და რთული ერთობლივი მუშაობის შედეგი. 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
ფრენები განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება. სწორედ, დამატებით სირთულეს ესეც ქმნიდა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად, ჰითროუდან ფრენის შესაძლებლობის მოპოვება შეუძლებელია. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის ურთიერთობაში. წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს თქვენთვის და რა თქმა უნდა, მიღწეულ შედეგზე არ ვჩერდებით“, – აცხადებს ქარქაშაძე.