2024 წლის დასაწყისში საფრანგეთში ათასობით ფრენა გაუქმდება. ეს გამოწვეულია საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობით, იუწყება 20minutes. ცვლილებები გავლენას მოახდენს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებზე, ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ ამ ქვეყანაში გამგზავრებას და ფრენას პარიზის გავლით მომავალი წლის დასაწყისში, უნდა აკონტროლოთ ფრენის სტატუსი და წაიკითხოთ ავიაკომპანიების შეტყობინებები.
საერთო ჯამში, იანვარსა და თებერვალში დაგეგმილი 16 ათასზე მეტი რეისი გაუქმდება. ზაფხულის ოლიმპიადის წინ, რომლის დროსაც საფრანგეთის დედაქალაქში ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა პარიზის აეროპორტებში ფრენის კონტროლის სისტემის მოდერნიზება, რომელსაც 1970-იანი წლებიდან დიდი ცვლილებები არ განუცდია. ამიტომ, ადგილობრივ სპეციალისტებს ახლა სისტემის დაახლოებით 80 პროცენტის შეცვლა უწევთ, რისთვისაც 1 მილიარდი ევრო გამოიყო.
„სარემონტო სამუშაოების“ გამო, ფრანგულ და უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც პარიზში ასრულებენ რეისებს სთხოვეს, რომ 9 იანვრიდან 14 თებერვლამდე 20 პროცენტით შეამცირონს ფრენების რაოდენობა დედაქალაქის საჰაერო ჰაბის აეროპორტებში – შარლ დე გოლი, ორლი, ლე ბურჟე და ბოვე. ავიაკომპანიები თავად გადაწყვეტენ რომელ ფრენებს არ განახორციელებენ. ამრიგად, Air France-მა უკვე გამოაცხადა, რომ აუქმებს 4200-ზე მეტ მოკლე და საშუალო მანძილის ფრენას.