ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება, ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკას და ზოგადად ტურისტულ სეზონს. ომიაძის თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ამ ფონზე მესამე კვარტლის ბოლოს, ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებით უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება.
„2024 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით,საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ტურისტი ეწვია. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2023 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით თითქმის 6 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს. ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება.მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე.ეს იქნება:ევროპა,სპარსეთის ყურის ქვეყნები.ინდოეთში გვაქვს უკვე ახალი ურთიერთობები,მათ შორის საერთაშორისო მედიასთან და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში მესამე კვარტლის ბოლოს ზაფხულის ბოლოს შეჯამებით ძალიან კარგი ტურისტული სეზონი გვექნება“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.
იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.
აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.