საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაციის სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ავიაციის სექტორში დასაქმებულ ყველა პროფესიონალს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიას. წლევანდელი წელი კი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო და კომერციული ავიაციისთვის, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, ნამდვილად ისტორიულია.
ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ავიაციისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა – COVID პანდემია. თუმცა, ავიაციის სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა პროფესიონალმა ღირსეულად გადალახა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენები და დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში გვაქვს პირდაპირი საჰაერო წვდომა 35 ქვეყნის 67 ქალაქის მიმართულებით. საქართველოს ბაზარზე, ამ ეტაპზე, ოპერირებს 50 სამგზავრო ავიაკომპანია, რომელთა მიერ ქართულ ეკონომიკაში შეტანილი წვლილი დიდია.
კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს. მადლობა თქვენ, რომ ყოველდღიურად მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი მონდომებით, ღირსეულად უწყობთ ხელს საჰაერო რეისების უსაფრთხო და თანმიმდევრულ განვითარებას. სწორედ თქვენს წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული სხვა სექტორების მუშაობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.“