2022 წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემა (CORSIA) დანერგოს. როგორც GCAA-ს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ AviaNews-თან ინტერვიუში  2022 წლის გეგმების და 2021 წლის შეფასებისას განაცხადა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტები ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო ფრენებზე და მიზნად ისახავს საერთაშორისო ავიაციის მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას, გამოყოფილი CO2-ის ფინანსური კომპენსირებისა და ბიოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენების ხარჯზე ნაკლები CO2-ის გაფრქვევის გზით.

“აღნიშნული სქემა სიახლეა როგორც რეგულირების, ისე საოპერაციო დონეზე დანერგვის კუთხით. შესაბამისად, სააგენტომ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები შესაბამისი კადრების მომზადება-გადამზადების და ინდუსტრიასთან წინასწარი კონსულტაციების გამართვის თვალსაზრისით, აგრეთვე სააგენტო უკვე ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ 2020 წლის 1 იანვრის შემდგომ ატმოსფეროში ყოველწლიურად გაფრქვეული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგს. მიმდინარე წელი უკვე დაეთმობა შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტზე მუშაობას”, განმარტავს კარანაძე.

GCAA-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ 2021 წელი დარგის რეგულირების და სამართალშემოქმედებითი პროცესის თვალსაზრისით ნაყოფიერი იყო.

“მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაციები, რომლებიც ავიასაწარმოებისთვის ეტაპობრივად შევა ძალაში. მათ შორის გამოვყოფდი საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესს, რომელიც სააგენტომ საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით შეიმუშავა. ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით დამტკიცდა ასევე საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი. ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით, მივიღეთ სამოქალაქო აეროდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესი, რითაც დაიხვეწა სერტიფიცირების არსებული მოთხოვნები, კრიტერიუმები და პროცესები, ასევე გაჩნდა საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესები და პირობები, რაც ხელს შეუწყობს შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განვითარებას. 2021 წელს ამოქმედდა ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია – სამოქალაქო ავიაციის სამუშაო დროის და ფრენის დროის ნორმები, რომელიც 2019 წელს დავამტკიცეთ და ავიაკომპანიებს მივეცით პერიოდი მოსამზადებლად.

გასულ წელს ძალიან მაღალი მომართვიანობა გვქონდა ახალი კომპანიების სერტიფიცირების თვალსაზრისით. ამჟამად, სააგენტო აწარმოებს 6 ახალი კომპანიის მიერ წარმოდგენილი სასერტიფიკაციო განაცხადების და დოკუმენტაციის განხილვას, რომლებიც გეგმავენ სამგზავრო თუ სატვირთო ოპერირებას. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ დასრულდა „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება. აღნიშნული პროცესი წარიმართა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროდრომების ოპერატორების, საქაერონავიგაციისა და ავიაკომპანიების აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფერო სრულად მომზადებული შეხვდა საერთაშორისო ცვლილებებს და 2021 წლის 4 ნოემბრიდან, გადავედით აეროდრომის ხელოვნურ საფარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და გადაცემის ახალ გლობალურ ფორმატზე (GRF), რაც უკვე დადებითად შეფასდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. 2021 წელს, სააგენტოს ვებ გვერდზე ამოქმედდა უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა. დღეის მდგომარეობით, პლატფორმაზე დარეგისტრირდა სამასზე მეტი ოპერატორი. 2022 წელს, გაგრძელდება საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, კერძოდ კი თვითმფრინავების ვარგისობის შენარჩუნების პროცესის ევროპულ მოდელზე ეტაპობრივი გადასვლა, ასევე, ვიმუშავებთ საავიაციო დაბრკოლებათა კონტროლის და რეგულირების პროცესის დახვეწაზე აეროდრომების დაცვის არეში. წამყვან საერთაშორისო საავიაციო საგამოცდო ცენტრთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლიდან, გარკვეული კატეგორიის ავიასპეციალისტების თეორიული გამოცდები ელექტრონული საგამოცდო პროგრამის მეშვეობით ჩატარდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში”, განმარტავს ლევან კარანაძე.