უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ინდოეთის მიმართულებით გეგმავს ავიარეისების განხორციელებას. “ლოუკოსტერის” წარმომადგენლებმა შეხვედრები უკვე გამართეს ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაციასთან (AAI) რათა ავიაკომპანიამ ოპერირება დაიწყოს ინდოეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ინდოეთის ქალაქების მიმართულებით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაციამ მიკრობლოგ Twitter-ის მეშვეობით გაავრცელა.

“ოპერირების ქსელის ან გაფართოების მიზნით Wizz Air-ი XLR A320 ტიპის საჰაერო ხომალდების შეძენას გეგმავს. მათ შეხვედრები გამართეს ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაციასთან და გამოხატეს ინტერესი 2021 წლიდან ინდოეთის ქალაქებთან ავიამიმოსვლა დაიწყონ. თავდაპირველად იყო შემოთავაზება, რომ ფრენები ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილების მიმართულებით განხორციელდეს”, განმარტავენ AAI-ში.

ამ დროისათვის უცნობია, 2021 წლიდან რეალურად მოხერხდება თუ არა ინდოეთის მიმართულებით ფრენების განხორციელება, რადგანაც ნახსენებ  Airbus A321XLR-ს Wizz Air-ი რეალურად 2023 წელს მიიღებს.