სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოება ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიღწევების და გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარებას წარმოადგენს. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გუნდმა წლების განმავლობაში დაუღალავად იმუშავა ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ზედამხედველობის ხარიხის გასაუმჯობესებლად და რეკომენდირებული საერთაშორისო პრაქტიკის დასანერგად. აღსანიშნავია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მიერ ნაჩვენები გაუმჯობესებული შედეგებიც. ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოება ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიღწევების და გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარებას წარმოადგენს. ასევე, აღნიშნული სტიმულის მომცემი იქნება ჩვენთვის არსებული მიღწევების შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით.“

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე, საიუბილეო ასამბლეის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. ქვეყნისთვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტის სერტიფიკატის გადაცემის ძირითად კრიტერიუმებს საავიაციო ხელისუფლების მიერ ICAO-ს სტანდარტების ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (15%-ზე მეტი) და სერიოზული ნაკლოვანებების არ ქონა წარმოადგენს. სპეციალური სერტიფიკატებით ICAO-ს წევრი 28 ქვეყანა დაჯილდოვდა. ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც სერტიფიკატი ორივე მიმართულებით (ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა, საავიაციო უშიშროება) გადაეცა.

ICAO-ს აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლები თითქმის 56%-ით გააუმჯობესა (32%-დან – 87.64%-მდე). რაც შეეხება საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობას, მაჩვენებლები ამ მიმართულებით თითქმის 30%-ით გაუმჯობესდა (58%-დან – 87.8%-მდე).