2012 წლამდე საქართველოში სულ 30-მდე ავიაკომპანია დაფრინავდა, ჩვენ ეს რიცხვი თითქმის გავაორმაგეთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს ღია ცის პოლიტიკა, რათა მოსახლეობამ იფრინოს თავისუფლად და ხელმისაწვდომი ფასებით. თუმცა დღეს პირველ რიგში უნდა დავიცვათ მთავარი მიღწევა – ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობა და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლება ბოლო წლებში ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს ცა გაეხსნა. თუ 2012 წლამდე საქართველოს ცა შედარებით მონოპოლიზებული იყო და სულ 30-მდე ავიაკომპანია დაფრინავდა, ჩვენ ეს რიცხვი თითქმის გავაორმაგეთ. შემოვიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, 2016 წელს შემოვიდა​ WizzAir-ი, რომელმაც გასულ წელს მიმართულებების დიდი ზრდა დააანონსა. შემოვიდა ​ RyanAir-ი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს ღია ცის პოლიტიკა და მოსახლეობამ იფრინოს თავისუფლად და ხელმისაწვდომი ფასებით. თუმცა დღეს პირველ რიგში უნდა დავიცვათ მთავარი მიღწევა – ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობა და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, მაგრამ თანდათან ვზრდით ფრენების არეალსაც. სექტემბერში უკვე 70 ფრენაა დადასტურებული, აქედან 30-მდე რეგულარული რეისია. ეტაპობრივად ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, თუ ამის შესაძლებლობას მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება მოგვცემს“, – განაცხადა თურნავამ.

წყარო: იმედი