მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯია“ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს.
საპასპორტო კონტროლისა და საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონების გასაფართოებლად, 23 ოქტომბრიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება.
პროექტი გულისხმობს ესკალატორებთან მდებარე ღიობების ნაწილობრივ ამოვსებას, რის შედეგადაც, გაჩნდება დამატებით 220 კვ.მ სივრცე. შესაბამისად, გაიზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდება საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება როგორც მგზავრების, ასევე თანამშრომელთა უსაფრთხოება. სამშენებლო მოედანი, სტანდარტების სრული დაცვით, შესაბამისი მასალით შემოიღობება. ახლომდებარე სარეგისტრაციო დახლები კი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე არ იფუნქციონირებს.
პროექტი, რომელშიც „ტავ ჯორჯია“ 2,2 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, 2024 წლის თებერვალში დასრულდება.