საქართველოს გერმანელი ტურისტები სტუმრობენ. ისინი ქვეყანაი ტურისტული კომპანია Visit Georgia-ს მიერ ორგანიზებული ტურით ჩამოვიდნენ და საქარველოში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან.
Visit Georgia-ში განმარტავენ, რომ ტურისტულმა ჯგუფმა საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა და ისინი თბილისში ავიაკომპანია Lufthansa-ს მიუნხენი-თბილისის რეგულარული რეისით ჩამოვიდნენ.
4 კაცისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს 2 კვირის განმავლობაში საქარველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულება აქვს გადაწყვეტილი და გაწერილი გეგმის მიხედვით, ჯგუფმა ქვეყანაში გადაადგილება/მოგზაურობა უკვე დაიწყო.
COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ეს Visit Georgia-თვის პირველი ჯგუფური ტურია, რომელსაც მასპინძლობას უწევს. კომპანიაში განმარტავენ, რომ რამდენიმე დღეში ტურისტულ ჯგუფებს გერმანიის გარდა საფრანგეთიდანაც ელოდებიან.
Visit Georgia-ში იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტი უცხოელი ტურისტის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
მიმდინარე ტურისტული სეზონი რამდენიმე კვირაში სრულდება. Visit Georgia-ში ამბობენ, რომ მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება უკვე დაწყებულია და საერთაშორისო ტურისტების მხრიდან ჯავშნების მიღება უკვე მიმდინარეობს.