საქართველოში ახალი ავიარეისების, განსაკუთრებით კი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების მიერ ახალი ავიარეისების დამატება ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია.
ახალი მიმართულებების დამატებასთან დაკავშირებული მარკეტინგული ხარჯების დასაფინანსებლად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია “აეროპორტების გაერთიანება” ავიაკომპანიებს საქართველოში სპეციალურ თანხას უხდის. აღნიშნული პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები ძირითადად ე.წ. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები არიან.
“აეროპორტების გაერთიანების” აქტივებში საქართველოში მოქმედი ხუთივე აეროპორტი შედის, საიდანაც კომპანია ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს მართავს. “აეროპორტების გაერთიანების” 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, ავიაკომპანიების მხარდაჭერის მიზნით, გადარიცხული თანხის მოცულობა 11 მილიონ ლარს აღემატება.
წლების მიხედვით, “აეროპორეტბის გაერთიანების” მიერ ავიაკომპანიებისთვის მარკეტინგული აქტივობის ჩასატარებლად ჩარიცხული თანხის მოცულობა ასე იცვლებოდა:
2018 წელს – 11,145,000 ლარი;
2017 წელს – 7,187,000 ლარი;
2016 წელს – 3,157,000 ლარი.
როგორ ნაწილდება ეს თანხა უშუალოდ ავიაკომპანიებზე საჯაროდ ცნობილი არაა. ცნობილია, რომ ავიაკომპანიები ამ თანხას ფრენების სიხშირისა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით იღებენ.
“მიმართულებების, მარკეტინგისა და განვითარების ხარჯებში შედის წამახალისებელი საფასურები ავიაკომპანიებისათვის, რომელიც განსაზღვრულია კომპანიის მიერ დადგენილ არაექსკლუზიურ წამახალისებელ პაკეტებში და ორიენტირებულია ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში მიმართულების, სიხშირისა ან/და მგზავრდა ნაკადის გაზრდაზე ავიაკომპანიების მიერ მიმართულების მარკეტინგსა და განვითარებაზე ჩატარებული სამუშაოების ასანაზღაურებლად. კომპანია ყოველთვიურ წამახალისებელ თანხას იხდის ავიაკომპანიის შედეგების მიხედვით (მაგალითად, ახალი მარშრუტები, მგზავრების რაოდენობა დროის მონაკვეთში, სიხშირეები დროის მონაკვეთში, ა.შ.), რაც არსებითად წამახალისებელი პაკეტის მოთხოვნასთანაა კავშირში“, – ნათქვამია “აეროპორტების გაერთიანების” აუდიტორულ ანგარიშში.
2019 წლის განმავლობაში გადახდილი თანხის მოცულობა ჯერ ცნობილი არაა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ნომერ პირველი ავიაკომპანია უნგრული Wizzair-ი გახდა, რომელმაც ბაზრის 16% დაიკავა და 825,290 მგზავრი გადაიყვანა. მეორე ადგილზე 572,181 მგზავრით და ბაზრის 11%-იანი წილით “თურქეთის ავიახაზებია”, 10%-ით ბაზარზე მესამე ადგილს “ჯორჯიან ეარვეისი” იკავებს, რომელმაც 500,482 მგზავრი გადაიყვანა.
ირლანდიურმა “რაინეარმა” კი 2019 წელს სულ 18,849 მგზავრი გადაიყვანა.
თავად “აეროპორტების გაერთიანება” შემოსავალს ძირითადად აეროპორტის მართვის მოსაკრებლიდან იღებს. 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 16.9%-ით გაიზარდა და 64.16 მილიონი ლარი შეადგინა.
2020 წლის 31 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ “აეროპორტების გაერთიანების” ახალი დირექტორი წარადგინა. კომპანიაში გიორგი ჩოგოვაძის შემცვლელად კი ნათია თურნავამ თამარ არჩუაძე წარადგინა.
წყარო: BM.ge