1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შედის სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 14 აგვისტოს №168 ბრძანება “სამოქალაქო ავიაციის სამუშაო დროის და ფრენის დროის ნორმების” დამტკიცების შესახებ.
აღნიშნული წესი ადგენს საფრენოსნო, სამუშაო და საფრენოსნო-სამუშაო დროის ზღვარს (მაქსიმალური ნორმები), აგრეთვე დასვენების დროის ზღვარს (მინიმალური ნორმები), ეკიპაჟის წევრების გადაღლის თავიდან ასაცილებლად და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ახალი რეგულაცია შესაბამისობაშია “საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 დანართით (ICAO Annex 6) გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და დეტალურად განსაზღვრავს ეკიპაჟის წევრების სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, ავიაკომპანიებისა და მათი ეკიპაჟის წევრების ვალდებულებებს, ასევე ეკიპაჟის წევრის რეზერვში ყოფნის, საკვებით უზრუნველყოფის, სააღრიცხვო მონაცემების წარმოების, შენახვის და სააგენტოში მოთხოვნისთანავე წარმოდგენის პირობებს.
ახალი წესი აუქმებს საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – სსიპ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №5 ბრძანებას “საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების სამუშაო დროის ნორმების დამტკიცების შესახებ“ და მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტის (გარდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისა), ეკიპაჟის წევრის მიერ განხორციელებულ ყველა სახეობის საავიაციო სამუშაოზე, არარეგულარულ და რეგულარულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებზე, სასწავლო, საწვრთნელ და სპორტულ ფრენებზე.
დროის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სამოქალაქო ავოაციის სააგენტოს ინფორმაციით, გათვალისწინებული მოთხოვნებისთვის მოსამზადებლად და სამუშაო პროცესში დასანერგად, ავიაკომპანიებს მიეცათ გარდამავალი პერიოდი (ნორმატიული აქტი მიღებულია 2019 წლის 14 აგვისტოს), რომლის ფარგლებშიც ოპერატორებთან გაიმართა ღია კონსულტაციები (წესის პროექტის გარე განხილვა) და შეხვედრები.
ნორმატიული აქტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/regulations/gcaa-director-orders/