ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ს საჰაერო ხომალდი Boeing-747-281BF საბორტე ნომრით 4L-GEO ჯაკარტაშია, სადაც მისი პერიოდული ტექნიკური შემოწმება ბოლო ეტაპზეა. ტექნიკურ შემოწმებასთან ერთად, ჯაკარტაში საჰაერო ხომალდის ექსტერიერის ცვლილებაც მოხდება და ოქტომბრის პირველ ნახევარში საქართველოში ახალ კორპორატიულ ფერებში გადაღებილი დაბრუნდება. 

Boeing-747-236SF, რომლის ექსპლუატანტიც ასევე Geo Sky-ა უკვე რამდენიმე კვირაა ახალი დიზაინით ოპერირებს. 

როგორც Geo Sky-ს ვიცე პრეზიდენტი შალვა კიკნაძე განმარტავს, ავიაკომპანია საკუთარი “ცის დედოფლების” ტექნიკურ შემოწმებას ჯაკარტაში ახდენს

“ჩვენი საჰაერო ხომალდების, Boeing-747-ის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უშუალოდ Boeing-ის მიერ. ზოგადად, Boeing-747-ის ტექნიკური საბაზისო მომსახურება 3600 საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს. რატომ ჯაკარტა? ჯაკარტაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და უდიდესი საწარმო, სადაც Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებები წარმოებს. იქედან გამომდინარე, რომ ხშირად გვიწევს ჩინეთის მიმართულებით რეისების განხორციელება ჯაკარტა, ანუ აზია ტექნიკური მომსახურების კუთხით ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია ვიდრე აშშ”, განმარტა შალვა კინკაძემ.

როგორც Geo Sky-ს მენეჯერი ამბობს, საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა ისევ საკმაოდ მაღალია.

“ჩვენი ავიაკომპანიის შემთხვევაში მოთხოვნა ბევრად მეტია, ვიდრე ავიაკომპანიას მომსახურების გაწევა შეუძლია. თუმცა იმისათვის, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და მეტ ტვირთს მოვემსახუროთ გვჭირდება მეტი საჰაერო ხომალდი. დღეს მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა, რომ თავისუფალი სატვირთო Boeing-747-ის მოძიება  საკმოდ ძნელია. გარკვეული ვარიანტები არსებობს, მაგრამ პროცესი დროში საკმაოდ  ჭიანურდება”, – განმარტავს შალვა კიკნაძე.