ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ბარგის გადატანის პოლიტიკას ცვლის. ცვლილება 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან ავიაკომპანიის ყველა რეისს შეეხება, რომელიც ავიაკომპანიის ინფორმაციით, ჩასხდომის პროცედურას კიდევ უფრო გაამარტივებს. ამასთან, ყველა მგზავრს საშუალება ექნება, უფასო ხელბარგი ბორტზე გარანტირებულად აიტანოს.
“ავიაკომპანიის გამოცდილება მოწმობს, რომ წელიწადში 10,000-ზე მეტი რეისი ბარგთან დაკავშირებული საკითხების გამო იგვიანებს. ბოლო 5 წლის მონაცემები ასევე ცხადყოფს, რომ დანიშნულების ადგილზე მოგზაურების დარჩენის საშუალო პერიოდი დღითიდღე მცირდება. უახლესი ინფორმაციით, Wizz Air-ის ყოველი მესამე მგზავრი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მხოლოდ 3 დღით ან უფრო ხანმოკლე პერიოდით მიემგზავრება. გამომდინარე იქიდან, რომ მოგზაურობის პერიოდი მცირდება, Wizz Air-ის მომხმარებლები უპირატესობას უფრო მსუბუქ და ჭკვიანურად ჩალაგებულ ბარგს ანიჭებენ. როგორც წესი, ავიაკომპანიის ყოველი მესამე მგზავრი რეგისტრირებულ ბარგს შეიძენს მაშინ, როდესაც მხოლოდ ყოველი მეშვიდე სარგებლობს სამგზავრო ჩანთით, რომლის ბორტზე განთავსებაა შესაძლებელი”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
1-ელი ნოემბრიდან ყველა მგზავრს საშუალება ექნება, ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი (40x30x20 სმ). მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით ისარგებლებენ, საშუალება ექნებათ, უფასო ხელბარგთან ერთად, თვითმფრინავის სალონში აიტანონ საგორებელი ჩანთაც (55x40x23 სმ).
მომხმარებელთა გამოხმაურებისა და ცვალებადი სამგზავრო მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიამ 10კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზება შეიმუშავა. კომფორტული და, ამავდროულად, დაბალბიუჯეტიანი სამგზავრო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, რეგისტრირებული ბარგის ფასი სულ რაღაც 7 ევროდან იწყება.