ზაფხულის სეზონზე Georgian Airways-მა ხანგრძლივი დაგვიანებით, ფრენების 1.4%-ი შეასრულა. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, ივლის-აგვისტოში Georgian Airways-მა ჯამში 623 ფრენა (გაფრენა საქართველოდან) განახორციელა და საანგარიშო პერიოდში დაგვიანება – 2 საათს ზემოთ დაფიქსირდა მხოლოდ 9-ჯერ. შესაბამისად ხანგრძლივ დაგვიანებას ავიაკომპანიის მიერ განხორციელებული ფრენების 1.4%-ი მიეკუთნება.

„ივლის-აგვისტოში დაგვიანების მაქსიმალური დრო შეადგენდა 4 საათსა და 43 წუთს, ხოლო მინიმალური – 5-10 წუთს. ხანგრძლივი დაგვიანება დაფიქსირდა თბილისი-ბერლინის საჰაერო ხაზზე, მიზეზი კი იყო საჰაერო ხომალდის შემოწმების დროს დაფიქსირებული ტექნიკური გაუმართაობა.

რეისების დაგვიანება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა საოპერაციო ან/და გაუთვალისწინებელი მიზეზებით, მათ შორის რთული მეტეოროლოგიური პირობებით, გადატვირთული საჰაერო სივრცით, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური თუ პროგრამული შეფერხებებით და ა.შ. ყველა ხანგრძლივი დაგვიანება (ფრენის დაგვიანება რომელიც აღემატება ორ საათს), რომლის ფარგლებშიც შესაძლოა წარმოიქმნას მგზავრისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, შეისწავლება ინდივიდუალურად და რეისის შესრულებაში ჩართულ ყველა მხარესთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ შეიძლება დადგინდეს დაგვიანების მიზეზები.

აქვე ავღნიშნავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ ახორციელებს ფრენების შესრულების პუნქტუალურობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დაჯამებას, რადგან მხოლოდ აღნიშნული ციფრები არ იძლევა სრულ სურათს ავიაგადამზიდველის მიერ რეისების დროულად შესრულების ხარისხზე და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ხანგრძლივი დაგვიანებების გამომწვევი მიზეზები შეისწავლება ინდივიდუალურად“, განუცხადეს AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.