2019 წლის 1 იანვრიდან, ძალაშია საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების ახალი წესი (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის N595 დადგენილება). აღნიშნული წესი აუქმებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 19 მაისის ბრძანება N27-ით დამტკიცებულ „რადიოკავშირის წესებს და ფრაზეოლოგიას საერთაშორისო ხაზებზე“ და მისი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება და სარადიოტელეფონო კავშირის დროს წამოჭრილი შესაძლო გაუგებრობების მინიმუმამდე დაყვანა სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენების ვალდებულებების დანერგვის გზით.
✔ ნორმატიული აქტი შეესაბამება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-10 დანართის მე-2 ტომით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9432 “რადიოტელეფონის სახელმძღვანელოში“ აღწერილ პროცედურებს. წესით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება პირებზე, რომლებიც იყენებენ რადიოსატელეფონო კავშირს საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებით სარგებლობისა და აეროდრომზე სახმელეთო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოგიწოდებთ: რადიოსატელეფონო კავშირის დროს, დაიცვათ რადიოკავშირის წესები და გამოიყენოთ დადგენილი სტანდარტული ფრაზეოლოგია. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პროცესში სალაპარაკო ენის გამოყენების საჭიროებისას, კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს ფრაზეოლოგიის მარეგულირებელი პრინციპების შესაბამისად, კავშირი უნდა წარიმართოს გარკვევით, მკაფიოდ და არაორაზროვნად. დაუშვებელია უცენზურო სიტყვების გამოყენება.
? წესი და შესაბამისი დანართი შეგიძლიათ იხილოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/governmentdecrees.php