1-დან 8 მარტამდე პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 49%-ითაა შემცირებული. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ამბობს, რომ მსგავსი მაჩვენებელი ბოლო 15 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. 

“თებერვალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 25%-იანი მატება გვქონდა, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი სამწუხაროდ დაფიქსირდა კლება. 

ბოლო მონაცემებით თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მარტის 8 დღის მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, მგზავრთნაკადის 49%-იანი კლება ფიქსირდება. გვაქვს 21%-იანი რეისების კლება. ის რეისები, რომლებიც დღეისათვის სრულდება ნახევრადაა შევსებული. ძალიან შემცირდა მგზავრთა რაოდენობა”, აცხადებს თეა ზაქარაძე. 

მისივე განმარტებით, COVID-19-ის გავრცელების ფონზე პოზიტიური ძვრები არ შეინიშნება, თუმცა TAV Georgia-ს მენეჯერს აპრილიდან სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვს. 

“ამ ეტაპზე COVID-19-ის კუთხით პოზიტიური ძვრები არ შეინიშნება. რა თქმა უნდა ამიტომაცაა ეს ვარდნა.  თუმცა ვარდნა დაიწყო 2019 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენები შეწყდა. ბოლო 9 თვე ისედაც მინიუსებში ვიყავით და COVID-19-მა სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ამ წუთას ვმუშაობთ იმაზე, მას შემდეგ რაც COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების რისკი ჩაივლის, ჩვენ ვიწყებთ “რუთ მენეჯმენტთან” ერთად მუშაობას. რაღაცნაირად ეს უნდა დავალაგოთ. იმედი მაქვს, რომ ავიაკომპანიები აპრილიდან აღადგენენ ფრენებს და ახალ მიმართულებებზეც სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მუშაობა. 

რაც შეეხება TAV Georgia-ს ზარალს, მგზავრთნაკადის 49%-იანი კლება ჩვენს ზარალთან პირდაპირპროპორციული არ არის, მაგრამ გეტვით რომ ჩვენი ზარალი ძალიან დიდია. ამ ეტაპზე პერსონალის შემცირებას არ ვგეგმავთ. ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მგზავრის თუ ჩვენი 1300 თანამშრომლის უსაფრთხოება”, განმარტავს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე.