ახლად დაფუძნებული ავიაკომპანია Myway Airlines- ქართულ ავიაბაზარზე საკმაოდ ამბიციური გეგმებით შემოდის. წლის ბოლომდე Myway Airlines- ევროპის მიმართულებითაც იწყებს ფრენებს თუ რა გეგმები აქვს კომპანიას და რა ვითარებაში უწევს მას ოპერირება დეტალებზე AviaNews- ავიაკომპანიის კომერციულ დირექტორს იგორ აფციაურს ესაუბრა.

– როდის მოხდა თქვენი პირველი, პირდაპირი თუ ირიბი, შეხება ავიაციასთან?

– ავიაციასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა. მამაჩემი დიპლომატია და ბავშვობიდანვე ოჯახთან ერთად ხშირად მიწევდა ფრენა. თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ავიაციასთან არანაირი შეხება არ მქონია. ბალტიისპირეთში უნივერისიტეტის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სამსახურს ვეძებდი. მქონდა შემოთავაზება ბანკებიდან, სხვადასხვა კომპანიიდან, ერთ-ერთი შემოთავაზება იყო ავიაკომპანია airBaltic-დან, დავთანხმდი  და ასე მოვხვდი „დიდ ავიაციაში“.

– რატომ გადაწყვიტეთ ავიაციის სფეროში დარჩენდა რა გზა გაიარეთ წარმატების მისაღწევად?

– 2006 წელს როდესაც ლატვიაში, airBaltic-ის სათაო ოფისში დავიწყე მუშაობა, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი. დასაწყისისთვის ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივი სამსახური იყო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ავიაცია საინტერესო სფეროა და ის ბევრ სეგმენტს მოიცავს. რთულია ავიაციაში მუშაობდე და ის არ შეგიყვარდეს. airBaltic-ში მუშაობისას „მოვიწამლე“ და შემოვრჩი ამ სფეროში. დღეს ვერ წარმომიდგენია ავიაციის სფეროს გარეშე ცხოვრება. არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც შეხება ჰქონდა ავიაციასთან და მიეტოვებინა ის თუ იძულებითი ფაქტორებიდან არ არის ნაკარნახევი.

ჩემი გამოცდილება მოიცავს, TUI Group-ში მუშაობასაც, რომელიც რამდენიმე სექტორს აერთიანებს და ერთი-ერთი მიმართულებაა ავიაცია. ამის შემდეგ 5 წლის განმავლობაში ვიმუშავე airBaltic-ში, სადაც ბევრი დეპარტამენტი მოვიარე და ამის შემდეგ სამუშაოდ გადავედი დოჰაში, Qatar Airways-ის სათაო ოფისში. მიხარია, რომ TUI-ში, airBaltic-სა და Qatar Airways-ში ვიყავი პირველი ადამიანი არამხოლოდ საქართველოდან ასევე რეგიონიდან, ვინც ამ ავიაკომპანიების სათაო ოფისში დაიწყო მუშაობა.

– როგორია მოთხოვნა საქართველოში საავიაციო განათლებაზე?

ბოლო პერიოდში მოთხოვნა იზრდება. არ არის ისე როგორც 5-10 წლის – საავიაციო უნივერსიტეტს აბიტურიენტი უბრალოდ უნივერსიტეტების ჩამონათვალში ბოლოში უთითებდნენ, რომ ქულების მიხედვით სადმე მოხვედრილიყვნენ. ახლა ვითარება შეცვლილია ბევრს აქვს სურვილი ამ სექტორში დასაქმდეს და მიიღოს სრულყოფილი განათლება და ეს ძალიან მახარებს. საქართველოში ტურიზმისა და ტრანსპორტის სფერო წარმატებით ვითარდება

ავიაცია, ერთ-ერთია ტურიზმთან ერთად, რომელიც საქართველოში წარმატებით ვითარდება. სახეზეა ზრდა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ავიაციაა. როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ამ სექტორების ზრდას უყურებს, რომ ამ სექტორებზე ბუნებრივია, მოთხოვნა იზრდება.

– საქართველოში განათლება მიღებულ კადრებზე, რამდენად არის მოთხოვნა უცხოურ ავიაკომპანიებში და რამდენად ხშირია საქართველოდან საავიაციო განათლების ექსპორტი?

– მსოფლიო ავიაციის ზრდის ფონზე გამოცდილ კადრებზე მთლიანობაში მოთხოვნა იზრდება. ავიაცია სწრაფად მზარდი სექტორია, ყოველწლიურად ახალი ავიაკომპანიები იქმნება, იგეგმება ახალი მარშრუტები, იზრდება მგზავრთნაკადი და ამ ფონზე მსოფლიოში მფრინავებზე, ტექნიკოსებსა და ინჟინრებზე საკმაოდ დიდი დეფიციტია. ისტორიულად საქართველოს კარგი მფრინავები და ტექნიკოსები ყავდა, დღესაც ჩვენს მფრინავებსა და ტექნიკოსებზე დიდი მოთხოვნაა და მიხარია, რომ ბევრ ცნობილ ავიაკომპანიაში ქართველი მფრინავები და ეკიპაჟის წევრები საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევენ. სასიხარულოა, რომ ბაზარზე ახალ-ახალი ავიაკომპანიები ჩნდება, ისევე როგორც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა Myway airlines-ი.

მეამაყება, რომ ბევრმა წარმატებულმა მფრინავმა, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ. როდესაც გაიგეს, რომ საქართველოში ოპერირებას Myway airlines-ი იწყებდა, ისინი სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდნენ. თუკი ადამიანებს კარგ პირობებს შესთავაზებს, ის რა თქმა უნდა სამშობლოში ყოფნას ამჯობინებს. Myway airlines-მა შეძლო შექმნა კარგი სამუშაო პირობები და ბევრი დააბრუნა ქვეყანაში.

– გარდა ცნობილ ავიაკომპანიებში მუშაობისა გაქვთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება. სააგენტოში საკმაოდ მნიშვნელოვანი თემები გებარათ. გაიხსენეთ თქვენს მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლითაც დღემდე ამაყობთ.

– ცხოვრების ნახევარზე მეტი უცხოეთში ვიცხოვრე და ბევრი წელი ავიაციის სფეროში ვიმუშავე. ვმუშაობდი სამ სხვადასხვა ავიაკომპანიაში და ავიაკომპანიების კომერციული მართვის მიმართულებით დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ამ ყველაფრის შემდეგ, მომეცა საშუალება, დავბრუნებულიყავი საქართველოში და მომეცა შესაძლებლობა მიღებული ცოდნა დაგამოცდილება ჩემ ქვეყანაში გამომეყენებიბა. დავიწყე მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ის მოიცავს მთლიან საავიაციო სისტემას. სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე მეგონა, ავიაციაში ყველაფერი ვიცოდი, თუმცა მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ავიაკომპანია და ავიაკომპანიის მართვა ავიაციის ერთი პატარა ნაწილია. უწყება, რომელიც მონიტორინგს უწევს მთლიან საავიაციო სისტემას, აერთიანებს ბევრ რგოლს და 3 წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, ბედნიერი ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაც მივიღე და ცოდნა დამიგროვდა არამხოლოდ ავიაციის კომერციული განვითარების, ასევე მონიტორინგისა და ზედამხედველობის მიმართულებითაც. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე კარგი კომბინაცია.

როგორც სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ვკურირებდი 4 დეპარტამენტს, გადაყვანა-გადაზიდვების, საფინანსო და ეკონომიკური ანალიზის, ფრენის სტანდარტების, სერთიფიცირებისა და ინსპექტირების და საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტებს.

იყო ბევრი სირთულეც და ბევრი პოზიტივიც. ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბევრი შევძელი. ამ პერიოდში ბევრი რამ განვითარდა და კიდევ უფრო ვითარდება და იხვეწება, რაც ძალიან მახარებს.

2016 წლამდე ICAO-ს კუთხით ჩატარებული აუდიტის შედეგები ცუდი იყო, საქართველოს წითელი დროშაც კი მიანიჭეს. მიხარია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბრწყინვალე გუნდთან ერთად შევძელით და 7-8 თვეში მოვახერხეთ ამ ნაკლოვანებების გამოსწორება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩემი მუშაობისას მივიღეთ ICAO-ს აუდიტი, რომელმაც ადგილზევე მოხსნა წითელი დროშა. ამას ყოველთვის თამამად დავაფიქსირებ, რადგანაც ეს დრო ძალიან მეამაყება.

ინტენსიურად ვიყავი ჩართული ევრორეგულაციების გადმონერგვაში, რომელთა ნაწილი საკმაოდ პრობლემატური იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ადგილობრივი ბაზარი კომერციული თვალსაზრისით საერთოდ არ რეგულირდებოდა. ბევრი ბარიერის გადალახვის შემდეგ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი რეგულაცია დაგვენერგა, რომლითაც დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ.

ამ პერიოდში დაინერგა ასევე ფინანსური რეგულაციები. თუკი ადრე ავიაკომპანიები მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით მოწმდებოდნენ, 2017 წლის 1-ელი ივნისიდან ტექნიკური გამართულობის გარდა ავიაკომპანიები მოწმდებიან ფინანსური კუთხითაც.

– ვენ უშუალოდ იყავით ჩართული საქართველოს ავიაბაზრის ფორმირებაში და როგორც ვიცით რეესტრიც თქვენს დაქვემდებარებაში იყო. როგორი იყო მაჩვენებლები, რამდენად ხშირი იყო მომართვიანობა და რა სახის პრობლემები ქონდათ ავიაკომპანიებს ხომალდიოფიციალურად დასარეგისტრირებლად?

– 2011-2012 წლამდე რეესტრთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გვქონდა, როგორც კი შევუერთდით ევროპის საჰაერო სივრცეს საქართველო გახდა ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის წევრი, დაიწყო მუშაობა ევრორეგულაციების დანერგვაზე. ამავდროულად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საავიაციო სფეროში ევრორეგულაციების დანერგვის კუთხით უფრი წინ ვიყავით, ვიდრე სხვა სფეროები.

თავად რეესტრს ბევრი პრობლემა ჰქონდა. მაგ დროისთვის საქართველოში არ ვიყავი, თუმცა ქართულ საავიაციო მოვლენებს თვალს ვადევნებდი. რეესტრის სრულყოფისათვის ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა სააგენტოს ხელმძღვანელობას. ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რეესტრიდან რუსული წარმოშობის ტექნიკა მოგვეშორებინა, რომელიც იმ დროისათვის რეესტრის 70-80%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, როგორი მოცულობითი სამუშაო იყო ჩასატარებელი, რათა რუსული ბორტები რეესტრიდან ყოფილიყო ამოღებული.

დღეს არსებული რეესტრი, სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს და რეგულაციებს. საქართველოში უკვე შესაძლებელია ბორტების დარეგისტრირება EASA-ს სერთიფიკატით. როდესაც ბორტს აქვს EASA-ს სერთიფიკატი, ეს უკვე მის სანდოობას გულისხმობს. მინიმუმადეა დაყვანილი ალბათობა, რომ საქართველოში დარეგისტრირდეს პრობლემატური ბორტები.

– რაც შეეხება საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას, რამდენად მარტივია ამ მხრივ საკანონმდებლო ბაზა თუნდაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით?

– რეგიონის ქვეყნებს თუ შევადარებთ თავს საკმაოდ წინ ვართ. ზრდა გვაქვს მგზავრთნაკადის მხრივ, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და ბევრი ინვესტორია ახალი ავიაკომპანიის დაარსებით დაინტერესებული. ეს იმის შედეგია, რომ სახელმწიფოს საავიაციო კუთხით აქვს სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული. 2005 წელს ქვეყანამ ავიაციის კუთხით ლიბერალური პოლიტიკა განსაზღვრა, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანიების რეგისტრაცია, ბაზარზე შეღწევა, დანიშვნები არის ღია და გამჭირვალე. რა მოთხოვნებიც არსებობს ევროპის ქვეყნებში, იგივე მოთხოვნები აქვს საქართველოსაც. ეკონომიკურ-ფინანსური თვალსაზრისითაც რომ განვიხილოთ, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჩინეთთან. მოლაპარაკებები გაქვს აშშ-თან. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები კი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ასევე ავიამიმოსვლის ზრდას. ავიაცია სწორედ, რომ მიბმულია ყველა სფეროსთან. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ამ მხრივ ჩვენთან ახლოსაც კი არ არიან.

– ბოლო პერიოდში საკმაოდ განხილვადი გახდა ფრენების უსაფრთხოება. რა კეთდება იმისთვის რომ ეს პროცესი უსაფრთხო იყოს, როგორ ხდება თვითმფრინავების შემოწმება და რა პერიოდულობით?

– აქ მთავარია როგორ რეაგირებს ამ პროცესებზე ქვეყანა და ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებაზე, უშიშროებასა და ავიაკომპანიების ზედამხედველობაზე. ეს კი გულწრფელად ვამბობ, საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა. ვამოწმებთ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც დაფრინავს საქართველოში და იმ ქართულ ავიაკომპანიებსაც, რომლებიც საქართველოში ბაზირებენ, საუბარია როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთოზე ავიაკომპანიებზე. ქვეყანაში არის ასევე ვერტმფრენების რამდენიმე კომპანია და მათზეც სრული ზედამხედველობა ხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქვს წინასწარ გაწერილი საკუთარი გეგმა გრაფიკი და გეგმიური შემოწმება ყველა ავიაკომპანიას წელიწადში მინიმუმ 3-ჯერ უტარდება. სააგენტოს აქვს სრული უფლება, განახორციელოს არაგეგმიური შემოწმებებიც, რომელიც არსებული მოთხოვნებიდან და სააგენტოს გადასახედიდან, ხორციელდება კიდეც. სააგენტოს მოთხოვნებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე თითოეული ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში დაფრინავს, სააგენტოს წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ აქვს შემოწმებული.

გარდა ამისა, რადგანაც საქართველოს ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი და EASA-ს წევრია, არის კიდევ უფრო გამკაცრებული წესები. საქართველო არის ასევე პროგრამა SAFA-ს  მონაწილე, რომელიც ავიაკომპანიებსა და ხომალდებს ზედამხედველობას უწევს უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის კუთხით.

ამიტომ SAFA-ს კუთხითაც საქართველოს მოსდის ავიაკომპანიების სია და განრიგი თუ რამდენჯერ უნდა შემოწმდეს უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში. მათ აქვთ რეიტინგი და ბაზა და ხანდახან წელიწადში ორჯერაც კი გვიგზავნიან მოთხოვნას, რომ ჩვენმა ინსპექტორებმა, რომლებიც ასევე არიან SAFA-ს წევრები, შეამოწმონ ავიაკომპანიები.

– როგორ და ვისგან მიიღეთ პირველად შეთავაზება, რომ Myway Airlines-ში დასაქმებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება რამდენად მარტივად მიიღეთ?

– ჯერ კიდევ უცხოეთში მუშაობისას საქართველოდან იყო ძალიან ბევრი შემოთავაზება, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორიდან. თუმცა იმ დროს არ მქონდა სურვილი დავბრუნებულიყავი საქართველოში, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი. როდესაც შემოთავაზება მივიღე და გადმოვედი და მუშაობა დავიწყე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, იმ დღიდან ჩემზე დიდი მოთხოვნაა ავიაკომპანიების მხრიდან. იყო შემოთავაზებები, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავიაკომპანიებისგან. როდესაც ჩინელმა პარტნიორებმა საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნება გადაწყვიტეს, ისინი ეძებდნენ ადგილობრივ, გამოცდილ კადრებს. ამიტომ ბუნებრივია იყო შემოთავაზება ჯერ კიდევ 2016 წლიდან, შემდგომ 2017 წელსაც, როდესაც კომპანიამ სერტიფიცირების პროცესი დაიწყო. თუმცა არც მაშინ განმიხილავს მათი წინადადება, რადგანაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ბევრი პროექტი მქონდა დასასრულებელი. მართალი გითხრათ, იმ მომენტში კერძო სექტორში გადასვლას არ ვჩქარობდი. 2017 წელს კიდევ ერთხელ მომმართეს და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე და გადავედი Myway Airlines-ში. სულ ვფიქრობდი და მსურდა ქვეყანას ჰყოლოდა სრულყოფილი კერძო ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებდა რეგულარულ გადაყვანებს და იქნებოდა წარმატებული, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრისთვის. უკვე მეც მივედი იმ დასკვნამდე, რომ მსურდა კერძო სექტორში დაბრუნება. ჩემთვის ეს იოლი გადაწყვეტილება არ იყო. იმედია, რომ რაც Myway Airlines-ს აქვს ჩაფიქრებული ერთობლივად გამოგვივა, რადგანაც როდესაც ბაზარზე შემოდის ახალი მოთამაშე უკვე ბუნებრივად იცვლება ვითარება, იზრდება კონკურენცია და დარგი ვითარდება. მნიშვნელოვანია მგზავრების მომსახურების დონის ზრდა და ასევე კომფორტი და მეტი არჩევანი. ყველას უნდა ქონდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება.

– სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თქვენ სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა Myway Airlines-ში საგანგებოდ მიგავლინათ, სადაც თქვენ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის თამაშის წესებით უნდა გემოქმედათ.

– აბსურდული ბრალდებაა. თუმცა გეტყვით, რომ ეს ამ სფეროსთვის ისტორიული მომენტია. საქართველოს ავიაბაზარზე, ისტორიულად დაახლოებით 20 წელზე მეტი მოღვაწეობდა მხოლოდ ერთი, სტაბილური ავიაკომპანია, რომელიც რეგულარულ გადაზიდვებს ახორციელებს. წლების მანძილზე ბაზარზე ჩნდებოდნენ ავიაკომპანიები, თუმცა მალევე იხურებოდნენ და უჩინარდებოდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ავიაკომპანიას ბაზარზე სრული მონოპოლია ეკავა, ჰქონდა მაღალი ფასები. იყო დაბალკონკურენტუნარიანი სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით. მე სულ 3 წელია რაც საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ ამის შესახებ მუდმივად მესმოდა. მართალი გითხრათ, ერთი მგზავრი არ მყავს ნანახი, რომელიც კმაყოფილი იყო ბაზარზე არებული ვითარებით, ფასებით, სერვისით, განრიგით, გაუქმებული რეისებით, გადადებული ფრენებით და სხვა. მჯეროდა, რომ ეს პრობლემა აუცილებლად გამოსწორდებოდა, თუმცა ამაოდ. პირიქით ამ ავიაკომპანიის მხრიდან მუდმივად ისმოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკა, იყო შანტაჟიც და იყვნენ უკმაყოფილონი. ჩემი გამოცდილებიდან, რეალური ვითარება სულ სხვაგვარი იყო. ხშირად იყო დახმარება, იმ კანონისა და ევრორეგულაციების ფარგლებში, რომელიც გვაქვს. ჩვენი მხრიდან იყო მაქსიმუმი გაკეთებული, რომ იმ დროს ბაზარზე არებული მოთამაშეების მიმართულებით და ასეთ ფონზე, როდესაც გესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები და ზღაპრები – ამაზე დროის დახარჯვა არ ღირს.

ისტორიული მოვლენაა დღეს. ბაზარზე გაჩნდა ახალი ავიაკომპანია, რომელსაც დიდი მიზნები აქვს და მის განხორციელებას უკვე შეუდგა. რამდენიმე თვეა რაც Myway Airlines-მა რეისების განხორციელება დაიწყო და მგზავრებმა, რომელთაც ჩვენი ავიაკომპანიის სერვისით ისარგებლეს კმაყოფილნი არიან ფასებით, სერვისით, ბორტით და ფრენით. Myway Airlines-ს ბაზარზე შემოსვლით გაჩნდა ჯანსაღი კონკურენცია, რაც ავიაციის სფეროს განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ამ ფაქტს უნდა შეეგუონ იქნება ეს უცხოური თუ ადგილობრივი კომპანია, უნდა აირჩიონ კონკურენციის სხვა გზები და უნდა დაივიწყონ ძველებური მიდგომები, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვთ. მიდგომა “მარტო მე ვიქნები და სხვა აღარავინ იქნებ” წარსულს უნდა ჩაბარდეს. უნდა შეწყდეს შანტაჟი და აბსურდული ბრალდებების როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორისთვის წაყენება.

მიხარია, რომ Myway Airlines-ის გამოჩენის შემდეგ ისინიც ვითარდებიან, ისინიც იზრდებიან. მათაც დაიწყეს გარკვეული ცვლილებები მენეჯმენტში, მგზავრთა სერვისსა და საკუთარ თანამშრომელებთან დამოკიდებულებაში. დადებით მოვლენებს ვამჩნევ და იმედია, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ერთი ცა გვაქვს, ერთი სამშობლო და ერთად უნდა ვიყოთ მიმართული ბაზრის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ისმის ბრალდებები, რომ ჩვენ მათ მიმართულებებს ვიმეორებთ. ბრალს გვდებენ პრობლემების შექმნაში, მაშინ როცა ჩვენც შეგვექმნა პრობლემები. გაგვეწელა სერტიფიცირების პროცესი, ჩვეულებრივ ამისათვის 6 თვეა საჭირო, Myway Airlines-ს კი თითქმის 2 წელი დასჭირდა. ამას სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირდაპირ ვიტყვი, დიდი ზეწოლა იყო ჩვენი კონკურენტების მხრიდან. ჩვენს გამოჩენას გაგებით არ შეხვდნენ, ყოველთვის შეშინებულის პოზაში არიან, როცა ბაზარზე რაიმე სიახლეა.

90-იან წლებში, როდესაც ბაზარზე მხოლოდ „ბორჯომი” იყო და როცა ამ ბაზარზე „საირმე“ ან სხვა წყალი უნდა შემოსულიყო, იწყობოდა სრული ისტერიკა. ანალოგიური ვითარებაა ქართულ ავიაბაზარზეც, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ვითარებას გამოვასწორებთ. 21-ე საუკუნეში და იმ ქვეყანაში, რომელსაც ვაშენებთ, სხვანაირად არ გამოვა.

როგორც აღვნიშნე სერთიფიცირების პროცესი ძალიან გაგვეწელა. როდესაც ავიღეთ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი ამის შემდეგ მოგვიწია დამატებით გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის აღება, მიუხედავად იმისა, რომ იმ ეტაპისათვის ამ ლიცენზიის აღება სავალდებულო არ იყო. ყველა კომპანიას, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვებს ეწევა ეს ლიცენზია უნდა ჰქონოდა, თუმცა რადგანაც სერთიფიცირების პროცესი ჩვენ ადრე გვქონდა დაწყებული ამ ლიცენზიის აღება ჩვენთვის არ იყო სავალდებულო. ადგილობრივი კონკურენტების გამო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სრულად უსაფუძვლოდ გვაიძულა ლიცენზია აგვეღო. არ ვიყავით ამის წინააღმდეგნი, ეს კომპანიისთვის კარგია და როცა დრო მოგვიწევდა ამ ლიცენზიას ისედაც ავიღებდით. გარადა ამისა, კიდევ ერთ თვიანი შეფერხება იყო, როდესაც საქმე მივიდა რეგულარული ფრენების დანიშვნაზე, ბარიერები ისევ შეგვექმნა გარკვეულ ქვეყნებთან დაკავშირებით. დიდი ხანი ველოდებოდით დანიშვნებს, რაც წესით 1-2 დღეში უნდა ყოფილიყო. გარკვეულ ქვეყნებთან საქართველოს შეზღუდვა არ აქვს, თუმცა ესეც კი ჩვენთვის დროში გაიწელა. არის ქვეყნები სადაც ჩვენ დღესაც კი ვერ ვიწყებთ ფრენებს, მაგალითად რუსეთის მიმართულებით. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში კიდევ ერთ-ერთი აბსურდული ბრალდება იყო თითქოს თბილისი-მოსკოვის რეისებს ვასრულებთ. ვიცით რატომ გვექნება პრობლემები, თუმცა ვიმედოვნებთ ჩვენსას მივაღწევთ. Myway Airlines-ი მზად იყო ფრენების განხორციელება 2018 წლის იანვრიდან დაეწყო, რიგი მიზეზების გამო ეს მხოლოდ მაისის ბოლოდან მოვახერხეთ.

– Myway Airlines- გარკვეული ინსტანციებისათვის მიმართვაც კი დასჭირდა, რათა სამართალი ეპოვა. პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომის შემდეგ, თქვენს პრობლემებთან დაკავშირებით თუ გქონდათ კომუნიკაცია ახალ პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან, ან ხომ არ აპირებთ შეხვედრას?

დიახ, ვგეგმავთ. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესია. მამუკა ბახტაძე პროცესებში მანამდეც იყო ჩართული და ასე თუ ისე იცის ახალი ავიაკომპანიისა და ამ პროექტის შესახებ და როგორც ვიცი, მხარს უჭერს ამ პროექტს. ბუნებრივია სხვანაირად ვერ იქნება, რადგანაც ბაზარზე რაც უფრო მეტი ავიაკომპანია გამოჩნდება ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ლიბერალური პოლიტიკა გვაქვს და ეს ლიბერალური პოლიტიკა მხოლოდ უცხოურ ავიაკომპანიებზე ვრცელდება, რადგანაც მათ საქართველოს ბაზარზე შემოსვლისათვის პრობლემები არ ექმნებათ.

– ამ დროისათვის რა მოცულობის ინვესტიცია აქვს ავიაკომპანიას განხორციელებული და რა მოცულობის ინვესტიციის ჩადებას გეგმავთ 2020 წლის ბოლომდე?

ინვესტიცია ავიაციის სფეროში ძვირადღირებული ფუფუნებაა. ხუმრობენ კიდეც, რომ თუ გინდათ მილიარდერი მილიონერად იქცეს ავიაკომპანია უნდა შექმნასო. მართლაც ასეა, თუ გინდა, რომ ნორმალური ავიაკომპანია შექმნა ამისათვის დიდი ფინანსებია საჭირო. კომპანია „ჰუალინგი“, რომელიც საქართველოში წლებია მრავალი მიმართულებით მუშაობს, ავიაკომპანიის შექმნაზე დიდხანს ფიქრობდა. ამ კომპანიისათვის ტრანსპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2012-2013 წლებიდან რაც ავიაციის სექტორმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო, ინვესტორებმაც საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნება გადაწყვიტეს, თუმცა ბაზარს 2-3 წლის განმავლობაში სწავლოდდნენ.

ის ორი ბორტი, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს და ჩვენი საკუთრებაა, მასში 50 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. დღეისათვის Myway Airlines-ში 120 ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება, მით უმეტეს, რომ 2019 წელს კიდევ ორი ბორტის დამატებას ვაპირებთ. 5 წლის განმავლობაში ყოველ წელს ავიაპარკს მინიმუმ 2 ბორტით შევავსებთ. ჩვენი განვითარების 3 ეტაპიანი გეგმის მესამე ეტაპისთვის გვინდა გვყავდეს 10 საჰაერო ხომალდი, თუმცა მეათე ბორტი აუცილებლად იქნება Boeing 777.

Boeing 777-ით ფრენების დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, რადგანაც დღემდე საქართველოდან, ან საქართველოს მიმართულებით ასეთი ბორტით რეგულარული რეისი არავის განუხორციელებია. ასე რომ, Myway Airlines-ს დიდი და ამბიციური გეგმები აქვს. ამ დროისათვის ავიაკომპანია სამ რეგულარულ რეისს ახორციელებს – თბილისი-ხარკოვი-თბილისი, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი და თბილისი-თელ ავივი-თბილისი. სასიხარულოა, რომ რამდენიმე კვირის უკან ევროპაში ფრენების განხორციელებისთვის შესაბამისი ლიცენზია მივიღეთ.

– გაქვთ მოლაპარაკებები, რომელიმე კონკრეტულ ბაზართან ან თუ გაქვთ უკვე შესწავლილი, რომელი ევროპული მიმართულებები იქნება ავიაკომპანიისათვის ფინანსურად მომგებიანი?

არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა უკვე ჩამოყალიბებულნი ვართ და მოლაპარაკებებიც დაწყებულია. გამორიცხული არ არის, რომ წელს 5 ევროპული მიმართულება დავამატოთ. განვიხილავთ ასევე ორი არაევროპული მიმართულების დამატებასაც. ვფიქრობთ, წელს Myway Airlines-ი 10 მიმართულებით განახორციელებს ფრენას.

– ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, ევროპის მიმართულებით Myway Airlines- კონკურენტის მარშრუტებს ხომ არ გაიმეორებთ?

– ბრალდებებს ყოველთვის მოიგონებენ. შეჩვეულნი ვართ, რადგანაც ყოველთვის ყველა მაგათ “ებრძვის” ავიაკომპანიებიდან და აეროპორტებიდან დაწყებული, მთავრობებითა და საერთაშორისო ორგანიზაციებით დამთავრებული. ჩვენ ჩვენი გეგმა და გეზი გვაქვს არჩეული. ახალი მარშრუტის არჩევისას ყველაფერს ვითვალისწინებთ ესაა კონკურენცია, მოთხოვნა, ჩვენი შესაძლებლობები და სხვა. ამ ფონზე ჩვენ შევარჩიეთ ევროპული ხუთი მიმართულება და ოპერირებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ. წელს გეგმაშია ერთი ჩინური მიმართულება და იმედი გვაქვს, რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესაძლებლობაც მოგვეცემა.

– რაც შეეხება აშშ-მიმართულებით დაანონსებულ ფრენებს?

– იმისათვის,რომ აშშ-სა და ზოგიერთი სხვა მიმართულებით დავიწყოთ ფრენები ამისათვის Boeing 777-ია საჭირო. Boeing-ის გარდა აშშ-ს მიმართულებით ფრენების დასაწყებად შესაბამისი ამერიკული ლიცენზიაა საჭირო, რასაც 2 წელი დასჭირდება.

– საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდა სახეზეა, საუბარი იყო თბილისის აეროპორტის ჰაბად გადაქცევაზე, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლას ვერ ვხედავთ. ამ მიმართულებით როგორია Myway Airlines-ის გეგმები?

– ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რომ მგზავრთნაკადი იზრდება. თუ კი დღევანდელ მონაცემებს 10 წლის წინ მონაცემებს შევადარებთ მნიშვნელოვანი ზრდა სახეზეა. ყოველწლიურად 37-38%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა ეს ზრდა გამომდინარეობს ქვეყნის პრომოუშენიდან, პოპულარიზაციიდან. საქართველო, როგორც ტურსტული მიმართულება, საკმაოდ პოპულარული და მიმზიდველი გახდა. ჯერ იყო 1 მლნ მგზავრი გვიხაროდა, შემდეგ წელს ავედით 2 მლნ მგზავრზე, შემდეგ 3 მლნ-ზე. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ლატვიაში, როდესაც მე იქ ვმუშაობდი. მათ მოახერხეს და რამდენიმე წელიწადში 1 მლნ-დან 5 მლნ-მდე ავიდნენ. ზრდა კარგია და იმედი მაქვს, რომ ეს ზრდა წელს კიდევ უფრო მეტრი იქნება. თუმცა ვიტყვი, რომ ეს ზრდა 2-3 წელიწადში შესაძლოა გაჩერდეს. იმისათვის, რომ ზრდა გაგრძელდეს და განვითარდეს ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა, ვიყოთ ფოკუსირებულნი პირდაპირ ფრენებზე და განვავითაროთ საქართველოდან სატრანზიტო გადაყვანები. სწორედ ამ ტრანზიტული მგზავრების ხარჯზე შევძლებთ, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა 7-8 მლნ-მდე გავზარდოთ.

როდესაც ბრალს გვდებენ, რომ მათ მიმართულებებს “დავაჯექით”, ავიაციაში ჩახედული ადამიანებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოდან ფინანსურად მხოლოდ 3-4 მიმართულებაა მომგებიანი და როცა სტარტაპერი ხარ წამგებიანი ავიარეისებით ოპერირებას ხომ ვერ დავიწყებთ?  ჯერ უნდა განვახორციელოთ მომგებიანი ავიარეისების და მათი მომგებიანობა კიდევ უფრო გავზარდოთ და ამ მომგებიანი ავიარეისების ხარჯზე განვავითაროთ სხვა რეისებიც. თუ კი გასულ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტული მგზავრების რაოდენობა, ჩვენი ინფორმაციით, იყო სულ 32 მგზავრი, ეს ციფრი აუცილებლად უნდა  გავზარდოთ. ჩვენ გვინდა, რომ 2-3 წელში თბილისის აეროპორტის მგზავრების 15-20%-ი ტრანზიტული მგზავრი იყოს. ამიტომ ჩვენ სულ სხვა გეგმები გაქვს და არავისთვის პრობლემის შექმნას არ ვაპირებთ. ტრანზიტს და ჰაბს საქართველოში უცხოური ავიაკომპანია არ შექმნის, ამაზე ისევ ადგილობრივებმა უნდა ვიმუშაოთ.

– თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტიზაციის ეპოქაში Myway Airlines- ავიაბილეთებს ონლაინ არ ყიდის. იმისათვის, რომ მარტივად ვიმოგზაურო დღეს უმეტესობა ბილეთს ონლაინ ყიდულობს და სასტუმროს ონლაინ ჯავშნის. რატომ ართულებთ  ვითარებას და გაყიდვების სტიმულირებისთვის ონლაინ პლატფორმას, რატომ არ ნერგავთ? ასევე, Myway Airlines- გეგმავს თუ არა რომელიმე კომპანიასთან ზიარი კოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და თუ კი დაწყებულია თუ არა ამ მხრივ მუშაობა?

– რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, აუცილებლად ვაპირებთ. მოლაპარაკებები გვქონდა რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც ბილეთების ონლაინ გაყიდვებში დაგვეხმარება. პროექტი უკვე თითქმის მზად არის და მალე გვექნება შესაძლებლობა, ბილეთები ონლაინ გავყიდოთ.

უბრალოდ პროცესი ცოტა გაგვეწელა, რაც ტექნიკურ საკითხებთან იყო დაკავშირებული, ამ დროისათვის ეს საკითხები მოგვარებულია და ონლაინ გაყიდვებს მალე დავიწყებთ. კომპანიისათვის ონლაინ გაყიდვები მნიშვნელოვანია, რადგანაც მასზე მთელი გაყიდვების 35-40%-ი მოდის. არის კომპანიები და ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია,.

რაც შეეხება ზიარ კოდებს, ამაზედაც ვმუშაობთ. კომერციულად ყველაფერი მზად არის. მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ავიაკომპანიების კონკრეტიკისაგან რომელთანაც თანამშრომლობას ვაპირებთ. გეტყვით, რომ მოლაპარაკები გვაქვს სამ კომპანიასთან, საიდანაც ორი ევროპულია, მესამე აზიაში დაფრინავს.

იმისათვის, რომ კომპანიებმა ზიარი კოდების სისტემა აამოქმედონ ამისათვის თავად ამ კომპანიების გაყიდვებისა და რეზერვაციის სისტემების შერწყმა უნდა მოხდეს. ვიმედოვნებ, მალე ზიარი კოდების მხრივ პარტნიორები გვეყოლება.

– გარდა სამგზავრო გადაზიდვებისა Myway Airlines- კარგოს ბაზარზე შესვლასაც ხომ არ გეგმავს?

– განვითარების 5 წლიან გეგმაში გამოკვეთილად, რომ გვქონდეს კარგოს მიმართულება მოგატყუებთ. კარგოს ბიზნესში შესვლას ამ უახლოეს 5 წლის განმავლობაში არ განვიხილავთ. ჯერ გვექნება კარგო გადაზიდვები მაგრამ ეს იქნება ბილი კარგო, რაც მცირე ზომების ტვირთებს გულისხმობს. რაც შეეხება მთლიან კარგო მიმართულებას ამაზე კი ვფიქრობთ, მაგრამ ეს იქნება 3 ეტაპიანი განვითარების გეგმის დასრულების შემდეგ.

კარგოს ბიზნესი სწრაფად ვითარდება მით უმეტეს, რომ საქართველო ჩართულია „აბრეშუმის გზის“ პროექტში, რომლითაც საქართველო იბრუნებს იმ პოზიციას, რომელიც ადრე ჰქონდა, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. ამიტომ საქართველოში კარგო ბიზნესი კიდევ უფრო განვითარადება და 5 წლის შემდეგ ამ ბიზნესში შესვლას აუცილებლად ვგეგმავთ. საქართველოში დაახლოებით 7-8 სატვირთო ავიაკომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა არცერთი ავიაკომპანია არ დაფრინავს საქართველოდან, ან საქართველოს მიმართულებით, ყველა ეს კომპანია სხვა ქვეყნებში ოპერირებენ, სადაც მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს ასრულებენ. ამ ფონზე კი  ქართული კარგო ბიზნესი უცხოურ კომპანიებს აქვთ ათვისებული. ის, რომ ქართული კომპანია საქართველოს კარგოს ბიზნესში არ არის დაკავებული არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა არაა.

ამ ეტაპზე ჩვენ სამგზავრო გადაზიდვებზე ვართ ორიენტირებული და ცხადია, სამომავლოდ ისეთ შანს როგორც საქართველოს კარგო გადაზიდვებში აქვს, ხელიდან არ გავუშვებთ.