ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, დროებით დაიკეტა ჩამოფრენის დარბაზში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე.
“ამ ეტაპზე ჩამომფრენი მგზავრების გამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან დროებით ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილი გამოსასვლელიდან ხორციელდება.
უამინდობისა და ელჭექის გამო, მხოლოდ სამი რეისი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში.
აეროპორტს ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება და ოპერირება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მგზავრებს ვთხოვთ, ფრენის შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის გადაამოწმონ მონაცემები შესაბამის ავიაკომპანიასთან ან აეროპორტის საინფორმაციო არხებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.












