სატვირთო ავიაკომპანია „AMS Airlines”-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2019 წლის 28 სექტემბრამდე გაუგრძელდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ „AMS Airlines”-ის ირგვლივ არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს მიერ ვრცელდება დაუზუსტებელი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან გადაუმოწმებელი და რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაცია.
„სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, ავიაკომპანია „AMS Airlines”-სთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2018 წლის 24 სექტემბერს. ავიაკომპანიას საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუგრძელდა ერთი წლით – 2018 წლის 28 სექტემბრიდან.
რაც შეეხება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ავიაკომპანიას უარი ეთქვა აღნიშნული მოწმობის გაცემაზე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, უწყებამ დაადგინა, რომ ავიაკომპანია არ აკმაყოფილებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
რაც შეეხება გაჟღერებულ შეკითხვას, თუ როგორ ახორციელებს “AMS Airlines”-ი ფრენებს გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გარეშე, განვმარტავთ, რომ ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და კანონმდებლობის სრული დაცვით, ამ ეტაპზე კუთვნილი ხუთი საჰაერო ხომალდიდან ოთხი ხომალდი იჯარით აქვს გადაცემული სხვა ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს “AMS Airlines”-ის ხომალდებით და ეკიპაჟით. ავიაკომპანიის ერთი საჰაერო ხომალდი, რომლითაც იგი კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს ახორციელებდა 28 სექტემბრიდან გაჩერებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შესაბამისად, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შემდეგ, ავიაკომპანიას ამ საჰაერო ხომალდით ფრენები არ განუხორციელებია.
არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს მიერ, მიზანმიმართულად ხდება სააგენტოს მიერ გაცემული ორი სხვადასხვა დოკუმენტით – საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატით და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების ერთმანეთში აღრევა და საზოგადოებისთვის იმის წარმოჩენა, რომ თითქოს სააგენტო უკანონოდ აძლევს ფრენის უფლებას კონკრეტულ ავიაკომპანიას.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (Air Operator Certificate) წარმოადგენს ავიაკომპანიის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით, მისი დანართებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისა და ფრენების უსაფრთხოების ზედამხედველობის პარალელურად, 2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქმედი ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობისა და საიმედოობის მონიტორინგს ახორციელებს. საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობა (Operating Licence) გაიცემა კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით და წარმოადგენს ახალ, დამატებით მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც მუდმივად კონტროლდება ავიაკომპანიების ფინანსური მდგომარეობა და საიმედოობა. შესაბამისი წესი შემუშავებულია ევროპარლამენტის N1008/2008 რეგულაციის მიხედვით“, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.