ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია თვითმფრინავის ახალ მოდელზე მუშაობას აგრძელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დიზაინერმა განაცხადა, ეს იქნება პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავი.

ციკოლიას ინფორმაციით, საწყის ეტაპზე თვითმფრინავების პროექტზე მუშაობა „დელტას“ მიერ გამოყოფილ ფართში მოხდება.

რაც შეეხება იმას, თუ როდისთვის დასრულდება პროექტზე მუშაობა და როდის დაიწყება ქართული თვითმფრინავის წარმოება, ამაზე ციკოლიას კონკრეტული პასუხი არ აქვს და აცხადებს, რომ ეს რთული პროექტია, რომლის განხორციელებაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

მისი განცხადებით, თვითმფრინავის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ზვიად ციკოლია არ აკონკრეტებს რა ოდენობის ინვესტიცია ხორციელდება პროექტში, თუმცა, იმას აღნიშნავს, რომ  თვითმფრინავის ღირებულება  25 000-დან 30 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს