შეხვედრაზე რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა, აცხადებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელია მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, იყოს გარანტიები რუსი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად და შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები.

“გამოითქვა იმედი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა და რუსოფობიული გამოხტომებიც შეწყდება. ჩვენი პასუხი ასეთი იყო – ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არანაირი რუსოფობიული გამოხტომები რუსი ტურისტების მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა; მილიონობით ტურისტი ჩამოსულა საქართველოში და ერთ შემთხვევას ვერ დაგვისახელებთ ამის დასტურად, რას გულისხმობთ, რა სახის გარანტიებზეა საუბარი, როდესაც ასეთ შემთხვევას საერთოდ ადგილი არ ჰქონია რუსი ტურისტების მიმართ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.