უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნის კონცეფცია უკვე შეიმუშავა, – აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა.
“დღეისათვის პროფილური სამინისტროს მიერ ნაციონალური ავიაკომპანიის შექმნის კონცეფცია უკვე შემუშავებულია Antonov-ის, აეროპორტების ნაწილისა და სხვა ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განმარტებით, ახლა მუშაობა ბიზნეს-გეგმასა და დაფინანსების წყაროების მოძიებაზე მიდის.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი კომპანიის შექმნა, პირველ რიგში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, როგორც საავიაციო ინდუსტრიაში, ასევე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებშიც.
დენის შმიგალის განმარტებით, ეს აბსოლუტურად რეალისტური დავალებაა და არ წარმოადგენს შორეულ პერსპექტივას. პრემიერის თქმით, ეს ისეთი პროექტია, რომლიც ბევრ სახელმწიფოში უკვე რეალიზებულია და მალე უკრაინაც განახორციელებს.
მისივე თქმით, მსგავსი ავიაკომპანიის შექმნა სამამულო ავიასაწარმოების კიდევ უფრო განვითარებისს წინაპირობაცაა.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტის ოცნებაა, რომ ქვეყანას საკუთარი, სახელმწიფო ავიაკომპანია გააჩნდეს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე თვის უკან განაცხადა, სახელმწიფო მზადაა დააფინანსოს უკრაინული ავიაკომპანიის შექმნა, რომელიც Turkish Airlines-ის დონის იქნება.
“ეს ჩემი ოცნებაა – შევქმნათ თანამედროვე Turkish Airlines-ის, Singapore Airlines-ის დონის სახელმწიფო ავიაკომპანია. სახელმწიფო მზადაა დაფინანსება გამოყოს, რათა შექმნას ნაციონალური სახელმწიფო ავიაკომპანია”, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახალი ავიაკომპანია საჰაერო ხომალდებს Antonov-ს შეუკვეთავს, რაც დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
“დიდი წარმოებაა. დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებით. თუმცა ბოლო წლებში ერთი თვითმფრინავიც კი არ აწყობილა. არ მესმის, შიდა რეისებზე მაინც რატომ არ დაფრინავენ ჩვენი თვითმფრინავები. სად არიან ჩვენი An-ები? ჩვენ მათთან შევთანხმდით. ამ დროისათვის პროგრამა მუშავდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფო ავიაკომპანია Ukraine Airlines-ი ჩამოყალიბდა, რომლის ბაზაზეც შემდგომ კერძო კაპიტალის ჩართულობით Aerosvit Airlines-ი და FlyUIA შეიქმნა.
Ukraine Airlines-მა ოპერირება 2004 წელს ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა.
Aerosvit-მა კი გაკოტრების პროცედურები 2012 წლის ბოლოს დაიწყო. FlyUIA-ს მაჟორიტარული პაკეტი, აქციების 61.58%-ი 2011 წელს გასხვისდა. შესაბამისად ავიაკომპანიის ახალი მფლობელები Aerosvit-ის ყოფილ მფლობელებთან, არონ მაიბერგთან და იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული კომპანიები გახდნენ.