ევროპაში ავიარეისების მასიური გაუქმება გრძელდება. გარკვეული აეროპორტების თუ ავიაკომპანიების თანამშრომელთა გაფიცვებმა ევროპაში ქაოსი უფრო გააძლიერა. ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელია მეტი ფრენის გაუქმებაც.
ტურისტებს საზაფხულო შვებულებების დროს შესაძლო შეფერხებებზე უკვე აფრთხილებენ, რადგან ძირითადი ავიაკომპანიების მიერ ფრენების გაუქმება ფრენების განრიგს არღვევს და ცვლის მგზავრების დღის წესრიგს. Ryanair-ის, easyJet-ის, British Airways-ის და სხვა ეკიპაჟები გაფიცულები არიან. ამან შესაძლოა ზაფხულში 10000-ზე მეტი ფრენის გაუქმება გამოიწვიოს.
Ryanair-ის თანამშრომლები ბელგიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაფიცულები არიან. კომპანიის თანამშრომლები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ესპანეთში გაფიცვები უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. საფრანგეთში 25 და 26 ივნისს ორდღიანი გაფიცვა გაიმართა. გაფიცვა იყო იტალიაშიც. დიდ ბრიტანეთში Ryanair-ის ეკიპაჟი არ გაიფიცა, მაგრამ მათი თქმით, ქვეყანაში ფრენების შეფერხება 30 000 მგზავრს შეეხება.
გაფიცვაში მონაწილეობენ სხვა ავიაკომპანიების პილოტები და ბორტგამცილებლები. მათ შორისაა easyJet, Volotea, Malta Air და Crewlink.
იტალიაში Malta Air-ის და CrewLink-ის ბორტგამცილებლებმა 25 ივნისს ასევე შეაჩერეს მუშაობა. ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის პილოტებმა, რომლებიც მუშაობენ სკანდინავიურ ავიაკომპანია SAS-ში, გამოაცხადეს გაფიცვა ოთხშაბათს, 29 ივნისს.