ზაფხულის პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 19%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ივნის-აგვისტოში ქვეყნის აეროპორტებით სულ 1 მლნ 765 ათას 858 მგზავრმა ისარგებლა, 2017 წლის ივნის-აგვსტოში კი 1 მლნ 479 ათას 349 მგზავრმა, შესაბამისად ზრდამ 19%-ი შეადგინა.
როგორც წესი საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის მთლიან მაჩვენებელში უდიდესი წილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის.
სტატისტიკური მაჩვენებლებით, ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა 1 237 760 მგზავრი შეადგინა, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. 2017 წლის ივნის-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 1 066 115 მგზავრს მოემსახურა.
ივნის-აგვისტოში, 2017 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, მგზავრთნაკადის 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2018 წლის ზაფხულის თვეებში აეროპორტი 313 383 მგზავრს მოემსახურა, 2017 წლის ივნის-აგვისტოში კი 269 748 მგზავრს.
გასული წლის ივნის-აგვისტოს მაჩვენებლები 51%-ით გააუმჯობესა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა. საანგარიშო პერიოდში აეროპორტმა სულ 211 261 მგზავრი გაატარა, 2017 წლის ივნის-აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი 139 937 მგზავრი იყო.
ივნის-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 1.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა მესტიის აეროპორტში, ხოლო ამბროლაურის აეროპორტს მგზავრთნაკადი 15%-ით შეუმცირდა.