დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანიაა წარმოდგენილი.  ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო heritage hotel and suites-ის წარმომადგენელი თამარ მოსიძე. 

დღეს ვიმყოფებით ლონდონში WTM-ის გამოფენაზე. ძალიან მასშტაბური ღონისძიება ტარდება. გაერთიანებული ვართ საქართველოს ტურისტული და სასტუმროების წარმომადგენლები.  გამოფენები ჩვენ გვეხმარება ახალი ინვესტორების, ახალი პარტნიორების მოძიებაში და რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი, რომ საქართველო უფრო პოპულარული გახდეს და ყველამ გაგვიცნოს, ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის.  გამოფენაში ვმონაწილეობთ, რომ საქართველო როგორც უნიკალური, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა ყველას გავაცნოთ“,-განაცხადა თამარ მოსიძემ.

WTM London 2024-ზე,  საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს. 

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.