ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის ბაზას ხურავს. მიზეზი ოპერაციული ხარჯების ზრდაა. როგორც Reuters-ი იტყობინება, ბაზის დახურვა 2026 წლის მარტში იგეგმება.
Wizz Air-ის მმართველი დირექტორის, მაურო პენედას განცხადებით, ვენის აეროპორტში ოპერაციული და მიწისზედა მომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც კომპანიისთვის ბაზის შენარჩუნება წამგებიანი გახდა.
ბიუჯეტური ავიაკომპანიებისთვის, როგორიცაა Wizz Air-ი, ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე დანახარჯები, მათ შორის, მიწაზე დასაფრენად და მოსამსახურებლად საჭირო ხარჯები, რომლებიც, როგორც წესი, მსხვილ აეროპორტებში უფრო მაღალია, ვიდრე მცირეში. ვენაში აღნიშნული ხარჯების ზრდამ კი კომპანიას პრობლემები შეუქმნა.
Wizz Air-ი ვენიდან ეტაპობრივად გავა: 2025 წლის 26 ოქტომბერს ორი თვითმფრინავი და ორი მიმართულება — ბილბაო და ლონდონის Gatwick-ი მოიხსნება. დანარჩენი სამი თვითმფრინავი და მიმართულებები 2026 წლის მარტში მოიხსნება, რაც ბაზის სრულ დახურვას გამოიწვევს.
ამ წლის დასაწყისში Wizz Air-მა აბუ-დაბის ბაზაც დახურა, რომელიც დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ შეწყდა. Airways-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბაზის დახურვის მიზეზი რამდენიმე იყო:
ძრავის პრობლემები: აბუ-დაბის ცხელი და ნოტიო კლიმატი Airbus A320neo-ს ტიპის თვითმფრინავების ძრავებისთვის რთული აღმოჩნდა.
რეგიონალური კონფლიქტები: საჰაერო სივრცის ხშირი დახურვა.
მარეგულირებელი ბარიერები: ფინანსური და ოპერაციული სირთულეები.
ორივე ბაზის დახურვა ადასტურებს, რომ Wizz Air-ი, ისევე როგორც სხვა ბიუჯეტური ავიაკომპანიები, გაფართოების ამბიციებს ოპერაციულ და ფინანსურ გამოწვევებს უპირისპირებს.












