უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-თან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეხუთე ბაზირებული ხომალდის დამატებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
როგორც ცნობილია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში უნგრეთის ახლადდანიშნულ ელჩს პეტრა პონევაჩ – პანას შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ხაზი გაესვა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, კავშირგაბმულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ. მხარეები საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
2024 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა და აღსანიშნავია, რომ აქედან ექსპორტის ზრდა 93%-ს შეადგენს. 19%-ით არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებითაც. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ტურიზმის ზრდის სტატისტიკაც, რომელსაც კიდეც უფრო გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოში წარმატებული ოპერირება – ავიაკომპანია ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ოთხი საჰაერო ხომალდით ოპერირებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეხუთე ბაზირებული ხომალდის დამატებასთან დაკავშირებით.












