2025 წლის ივნისიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air რიგის აეროპორტიდან ფრენებს შეწყვეტს.

ამჟამად ავიაკომპანია კვირაში ორჯერ დაფრინავს ქუთაისში, საქართველოში. თუმცა Wizz Air-ის მიერ საქართველოს მიმართულებით რეისების გაუქმების შემდეგ, ლატვიური ავიაკომპანია airBaltic გააგრძელებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით  და მგზავრებს რიგიდან თბილისის მიმართულებით გადაიყვანს.

რიგის აეროპორტის გამგეობის თავმჯდომარემ ლაილა ოდინიამ განმარტა, რომ მსხვილი ავიაკომპანიები, ხომალდების მიწოდების დაგვიანებისა და ძრავის პრობლემების გამო, თვითმფრინავების დეფიციტს განიცდიან.

„მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ავიაკომპანია არის Wizz Air, რომელმაც დატოვა ჩვენი ბაზარი, დარჩა მხოლოდ ერთი მარშრუტი ქუთაისამდე და დახურა კიდეც მარშრუტი სტანსტედის აეროპორტის მიმართულებით, რომელიც ყოველთვის სავსე იყო. თუმცა, Wizz Air-ის თვითმფრინავების დეფიციტის გათვალისწინებით, უფრო მომგებიანია ოპერირება აეროპორტებში, სადაც ბილეთების უფრო მაღალ ფასად გაყიდვაა შესაძლებელი“, – განმარტა ოდინამ.

მანამდე, 2021 წლის აგვისტოში, Wizz Air-მა დახურა თავისი ბაზა რიგაში COVID-19-ის პანდემიითგამოწვეული კრიზისის გამო. იმ დროს კომპანია ლატვიის დედაქალაქიდან 9 მიმართულებით ოპერირებდა.