ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული საჰაერო ხომალდით ოპერირება დაიწყო. დღეს აღნიშნული თვითმფრინავით Wizz Air-მა ​ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე განახორციელა რეისი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძის განმარტებით, Wizz Air-ის მიერ ბაზის დაბრუნება ნიშნავს ახალ მიმართულებებს და დამატებით სამუშაო ადგილებს. 

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული Wizz Air-ის საჰაერო ხომალდით უკვე შესრულდა ფრენა სალონიკის მიმართულებით. ამ ეტაპზე ბაზას დაემატება 6 მიმართულება, რაც საგრძნობლად გაზრდის საქართველოს დაკავშირების ინდექსს. ჩვენი მგზავრები შეძლებენ გაფრინდნენ 6 ახალი მიმართულებით, ესენია ათენი, პრაღა, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი. 

Wizz Air-ის ბაზის დაბრუნება რეგიონის მოსახლეობისთვის ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მეტი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა იქნება. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ Wizz Air-ში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ იქნენ დისლოცირებულნი დაბრუნდებიან საქართველოში და საქართველოდან განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას”, აცხადებს თამარ არჩუაძე. 

როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე, ეპიდსიუტაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესულდება.

ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. 
Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ. 
ინფორმაციისთვის: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს. ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, რიგითი მგზავრი, ბილეთის შეძენისას ვერ გრძნობს განსხვავებას ავიაკომპანიის ბაზირებულ მიმართულებაზე ყიდულობს ბილეთს, თუ არაბაზირებულზე. ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა გააჩნია. პირობითად, მილანის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყება ქუთაისიდან და დასრულდება ქუთაისში და შემდეგ გაგრძელდება სხვა მიმართულებით, რომელიც კონკრეტული ბაზირებული ხომალდზეა მიბმული. ბაზის არსებობის დროს, ტექნიკურად უფრო მარტივი და მოქნილი ხდება თანამშრომლობა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. ავიაკომპანია აეროპორტის სერვისებზე შეღავათით სარგებლობს, სახელმწიფო კი ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.