უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის უმსხვილესმა მფლობელმა Indigo Partners-მა ავიაკომპანიაში საკუთარი წილის ნახევარი ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაასხვისა. გარიგების სავარაუდო ღირებულება 400 მლნ ფუნტი სტერლინგია (555,52 მლნ დოლარი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ​გარიგების გლობალური კოორდინატორის Barclays Bank-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საინვესტიციო კომპანია Indigo Partners-ი Wizz Air-ში 15 მლნ ცალ აქციას ფლობდა, რაც ავიაკომპანიია მთლიანი აქციების 17.5%-ს წარმოადგენს. მთლიანობაში Indigo Partners-ის აქციების ღირებულება კი 825 მლნ ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული.

ამ დროისათვის ავიაკომპანიაში გარიგების დეტალებზე არ საუბრობენ. 

თავად გარიგების დაჩქარება კი COVID-19-ის პანდემიამ განაპირობა, რომლის ფონზეც ინდუსტრიას მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა Wizz Air-ის შემთხვევაში თებერვალში 87%-ი შეადგინა.