დანიის საპენსიო ფონდი AkademikerPension დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ში საკუთარ წილს ყიდის. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი თანამშრომლების “ადამიანის და შრომითი უფლებების დარღვევაა”.

ფონდი იყო ერთ-ერთი იმ 14 ინვესტორს შორის, ვინც გასული წლის დეკემბერში Wizz Air-ს მიმართა, რათა თანამშრომლებისთვის პროფკავშირების შექმნისა და გაწევრიანების უფლება მიეცა.

AkademikerPension-მა განაცხადა, რომ მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ ფონდმა ვერ დაინახა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ავიაკომპანიის პრაქტიკა შეიცვლებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა 3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების წილის “მოშორება”.

Wizz Air-ის საბაზრო ღირებულება კი დღეს 6 მლრდ დოლარს შეადგენს.

„Wizz Air თანამშრომლებთან ურთიერთობას ძალიან სერიოზულად ეკიდება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სტრუქტურები და პროცესები, რომლებიც შექმნილია ღია და გამჭვირვალე ურთიერთქმედებების მხარდასაჭერად, ძალიან კარგად მუშაობს, მათ შორის ჩვენი ადამიანური რესურსების საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ფორუმს თანამშრომლებისთვის, რათა განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები“, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

Wizz Air-მა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში 1000-ზე მეტი თანამშრომლის დაქირავება გეგმავს და, რომ მან აღადგინა სალონის ეკიპაჟისა და პერსონალის ხელფასები პანდემიამდელ დონემდე.