ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-ბუქარესტის მიმართულებაზე ფრენების დროებით შეჩერებას დაბალ მოთხოვნას უკავშირებს. AviaNews-ს Wizz Air-იდან უპასუხეს, რომ ავიაკომპანია ქუთაისი-ბუქარესტი-ქუთაისის მარშრუტზე ფრენებს 2019 წლის ზაფხულის სეზონიდან განაახლებს.
“ავიაინდუსტრიის ჩვეული პრაქტიკის შესაბამისად, სამოგზაურო სეზონებისა და მიმართულებების დატვირთვებიდან გამომდინარე ხდება ფრენების სიხშირის შეცვლა. Wizz Air სისტემატიურ მონიტორინგს აწარმოებს მიმართულებების დატვირთვებზე, რათა ყველაზე პოპულარული მიმართულებები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. 2018 წლის 28 ოქტომბრიდან, Wizz Air ქუთაისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენას აჩერებს, ფრენები განახლდება 2019 წლის ზაფხულის სეზონიდან.
იმ მგზავრებს, რომელთაც შეეხოთ ცვლილება, გაეგზავნათ შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე, მათ შესაძლებლობა აქვთ გადაჯავშნონ ფრენა ალტერნატიულ განრიგზე, ან მიიღონ ბილეთში გადახდილი თანხის სრული კომპენსაცია.
Wizz Air მუდმივად ცდილობს არსებული შესაძლებლობები საუკეთესოდ შეესაბამებოდეს მომხმარებლების საჭიროებებს, აქედან გამომდინარე, დამატებითი რესურსები მოხმარდება იმ სერვისებს, რომლებზეც განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. Wizz Air აგრძელებს ქართულ ბაზარზე ორიენტირებას, მიმდინარე წელს 9 ახალი ავიამიმართულება და მეორე ბაზირებული ავიახომალდი შეემატა ქუთაისს.”, აცხადებენ Wizz Air-ში.
როგორც ცნობილია ავიაკომპანია Wizz Air-ი ნოემბრიდან ქუთაისი-ბუქარესტის მიმართულებას აჩერებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია ბილეთებს ზამთრის სანავიგაციო პერიოდზეც ყიდდა, თუმცა ავიაკომპანიისგან მიღებული შეტყობინების მიხედვით, მათ ბილეთის თანხა უკან უბრუნდებათ.
მათ ვისაც 1-ელი ნოემბრის შემდეგ ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებაზე ჰქონდა ნაყიდი ბილეთი შესაძლებლობა აქვთ:
1. დააბრუნოთ ბილეთი და დაიბრუნოთ თანხა (100%) ბარათზე (რითიც გადაიხადეთ);
2. დააბრუნოთ ბილეთი და დაიბრუნოთ თანხა (120%) ვიზეარის ანგარიშზე, რომელსაც შემდეგ სხვა ბილეთის შესაძენად გამოიყენებთ (გაითვალისწინეთ, რომ ვიზეარის ანგარიშზე არსებული კრედიტის გამოსაყენებლად თქვენ, ანუ ანგარიშის მფლობელი უნდა იყოთ ერთ-ერთი მგზავრი)
3. გადაცვალოთ ბილეთი სხვა მიმართულებით ფრენაზე (მაგ.: ქუთაისი – ბუდაპეშტი, ან ქუთაისი – ლარნაკა და ა.შ.).
ზემოთ მოყვანილი სამი ვარიანტიდან რომელიმეთი სარგებლობისთვის უნდა დარეკოთ ქოლ-ცენტრში, ნომერზე 0706777483. სასაუბრო ენა – ინგლისური ან რუსული. მოქმედებს ადგილობრივი ტარიფი, მათ შორის მობილურიდან დარეკვაზეც.
გაითვალისწინეთ, რომ მე-3 ვარიანტით სარგებლობისთვის არ არის თავისუფალი არჩევანი და დარეკეთ მომზადებულებმა, რა მიმართულებაზე გირჩევნიათ გადაცვლა და რატომ მაინცადამაინც იქ და არა სხვაგან. დარეკვამდე მოამზადეთ / ამოიწერეთ ჯავშნის კოდი (PNR, Confirmation Number), ფრენის თარიღი და მგზავრების სახელები.