ავიაკომპანია Wizz Air-მა გადაწყვიტა, რომ 2024 წლის აგვისტოში გაშვებული საწევრო პაკეტი “All You Can Fly” გააფართოოს და მეტი მგზავრისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. აბონემენტების გაყიდვა მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა დაიწყოს. 

ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოზეფ ვარადის თქმით პროგრამა 15,000 მონაწილისთვის მომდევნო კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი. იგივე რაოდენობის ბილეთები კომპანიამ  აგვისტოს დასაწყისშიც გაყიდა.

“All You Can Fly” ულიმიტო ფრენების წლიური აბონემენტია, რომელიც 499 ევრო ღირს.  აღნიშნული სერვისის პირობა ასეთია: ფრენებზე ადგილები ხელმისაწვდომი ხდება გამგზავრებამდე სამი დღით ადრე, ხოლო დაჯავშნისას, მგზავრებს, თითო რეისზე მხოლოდ 9,99 ევროს გადახდა სჭირდებათ.

Wizz Air-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი სერვისი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ფრენას ბოლოსკენ ჯავშნის და იაფად მოგზაურობის ვარიანტებს ეძებს. ამავდროულად, ავიაკომპანია ამტკიცებს, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა თვითმფრინავის მაქსიმალურად შესავსებად.

შეთავაზება მოიცავს ყველა რეისს, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 950 მიმართულებით.