Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე ზრდას გეგმავს. ავიაკომპანიის წარმომადგენელი საქართველოს სტატისტიკას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ თუკი 2018 წელს 643 ათასი სავარძელი გაიყიდა და ზრდა წინა წელთან შედარებით 88% იყო, 2019 წელს 8 ახალი მიმართულების დამატებასთან ერთად, ამ მაჩვენებლის 982,040-მდე ზრდა იგეგმება.

ავიაკომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლიდან (2012 წელი) გასული წლის ბოლომდე 1.8 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

„Wizz Air – ეს არის წარმატებული ბიზნესი, რომელიც 15 წლის განმავლობაში 195 მილიონ მომხმარებელს მოემსახურა, 650-ზე მეტი მიმართულებით, მსოფლიოს 44 ქვეყნის 146 აეროპორტში“, – აღნიშნავს რადო.

ავიაკომპანია წლიურად 190,000 ფრენას ახორციელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ავიაკომპანიის ხომალდი 2.7 წუთში ერთხელ ფრინდება.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ უსაფრთხოების უმაღლესი – 7 ვარსკვლავი გააჩნიათ.

Wizz Air-ის სტატისტიკით, 2008 წელს, როდესაც ბაზარზე iPhone 3 იყო, მობილური აპლიკაციის ჯავშნები საერთოდ არ არსებობდა. 2018 წელს, როდესაც ბაზარზე iPhone X-ია, ჯავშნების 35% სწორედ მობილურითაა გაკეთებული, ხოლო 2026 წლისთვის, კომპანია ვირტუალურ რეალობას და ჯავშნების 70%-ზე მეტს სწორედ მობილური აპლიკაციის მეშვეობით განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიას მსოფლიოს 14 ქვეყანაში აქვს 25 ბაზა, მათ შორის კი ერთ – ერთი საქართველო, ქუთაისია.