ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისების დანიშვნასთან ერთად, ავიაკომპანია Wizz Air-მა ახალი თანამშრომლების მოძიების პროცესი დაიწყო. ახალი კადრების შერჩევა 9 ან 23 აგვისტოს მოხდება.
“გსურს გახდე ენერგიული გუნდის წევრი და იმოგზაურო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში? Wizz Air-ი იწვევს მოტივირებულ, ახალგაზრდა კანდიდატებს ქუთაისის ბაზისთვის. მოდი 9 ან 23 აგვისტოს სასტუმრო “ბესთ უესთერნში” 10:00 საათზე და გახდი ბორტგამცილებელი!”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მისი წილი ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კომპანია Wizz Air-ია. 2019 წლის იანვარ–ივნისის სტატისტიკური მაჩვენებლებით, “ლოუკოსტერი” საქართველოს ავიაბაზარზე 6 თვეში 348 ათას 850 მგზავრს მოემსახურა და ამ მაჩვენებლებით ბაზრის 14%-ის მფლობელი გახდა.
2018 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზრის 11%-ს ფლობდა და ის ლიდერთა რეიტინგში მესამე ადგილზე იყო.
ივლისის დასაწყისში კი ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოში მე-2 მემილიონე მგზავრის ჩამოსვლა აღნიშნა.
Wizz Air-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2012 წელს დაიწყო. პირველი რეისის შემდეგ, რომელიც ვარშავის მიმართულებით დაინიშნა Wizz Air-ი მუდმივად აფართოებს თავის სამუშაო არეალს, ქართველ და ევროპელ მომხმარებელს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასებსა და ახალ შესაძლებლობებს, აახლოვებს მათ საქართველოსთან. 2018 წელს Wizz Air-მა 650,000-მდე მგზავრს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ქუთაისიდან და ქუთაისამდე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი ეარბას A320-სა და 12 ახალი მიმართულების დამატება დაანონსა. რეგულარული რეისები 2020 წლიდან პოზნანის (პოლონეთი), ფრანფურტ ჰანის, ჰამბურგის, კარლსრუე / ბადენ ბადენის, ნიურბერგის (გერმანია), ნეაპოლის, პიზის, ვენეციის (იტალია), სტოკჰოლმის (შვედეთი), თურქუს (ფინეთი), ნიცას (საფრანგეთი) ჰერაკლიონის (კრეტა, საბერძნეთი), და მიმართულებით განხორციელდება.
2020 წლისათვის 1.4 მილიონზე მეტი ადგილი იქნება შესაძენად ხელმისაწვდომი ქუთაისიდან 19 ქვეყნის 39 მიმართულებით.