საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი. თბილისის შემდეგ ჟაჟა ტრუბეკი ქუთაისში ჩავიდა, განახლებული აეროპორტი დაათვალიერა და მის პოტენციალს ადგილზე გაეცნო. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ბორტს აბრუნებს და 1 -ლი აგვისტოდან პირდაპირ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს.
“ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოში ვიზიტით. პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში და ძალიან მომეწონა. აღფრთოვანებული დავრჩი ქუთაისის აეროპორტით. ნამდვილად სიამაყის გრძნობა გამიჩნდა, როცა ის ვნახე. საქართველოდან კარგი ამბებით მივდივარ: ვამატებთ მეორე ბაზირებულ ხომალდს, ვიფრენთ ახალი მიმართულებებით. ვფიქრობთ, რომ მომავალში საქართველოში კიდევ უფრო გავფართოვდებით,-‘’განაცხადა ჟაჟა ტრუბეკმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე. ავიაკომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სიხშირეები გაიზრდება ქუთაისიდან ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.
“ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტთან შეხვედრები იყო ძალიან დადებითი. საბოლოოდ გადაწყდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის განთავსების შესახებ. ქართველ მგზავრებს უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი ერთობლივი სიახლით გავახარებთ,-‘’აცხადებს ვაკო ჭილაშვილი.
2022 წლის 5 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 232,450 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.