უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა გასული ფისკალური წლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პანდემიის 12 თვეს ავიაკომპანიის ზარალი 570-დან 590-მდე მლნ ევროა, მათ შორის 95 მილიონი ევრო საწვავის ჰეჯირებისთვის.

“COVID-19-ის პანდემიამ ისეთი დარტყმა მოგვაყენა, რომლის წინასწარმეტყველება ან გათვლა არავის შეეძლო”, – ამბობს Wizz Air- ის პრეზიდენტი ჯოზეფ ვარადი.

მისი თქმით, ფისკალური წელი, რომელიც დასრულდა 2021 წლის 31 მარტს, კრიზისის გავლენის გათვალისწინებით და არსებულ გამოწვევებზე ადაპტაციისთვის გატარებული ძალისხმევით “უპრეცედენტო იყო Wizz Air-ის 18-წლიან ისტორიაში”.

ფისკალური წლის დადასტურებული ფინანსური შედეგები 2 ივნისს გამოქვეყნდება. დანაკარგები, სავარაუდოდ, 475 მილიონი ევროდან 495 მილიონ ევროს შეადგენს, ამასთან, თვითმფრინავის საწვავის ჰეჯირებისთვის ზარალი 95 მილიონი ევროს დონეზე იქნება.

არსებული დანაკარგების მიუხედავად, Wizz Air-ი ლიკვიდურობას ინარჩუნებს, რომლის წმინდა ქონება 1.6 მლრდ ევროა. “ჩვენ კარგად ვართ მომზადებული და ავიაკომპანიის ბალანსი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ინდუსტრიაში. მზად ვართ დავუბრუნდეთ ნორმალურ მუშაობას”, – განაცხადა ვარადიმ.

ამასთან, Wizz Air-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მოგზაურობის შეზღუდვების გახანგრძლივებაზე და ამ ფონზე უარი განაცხადა შემდეგი ფისკალური წლის შესაძლო შედეგის შესახებ რაიმე სახის პროგნოზების გაკეთებაზე.