Wizz Air-ი არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული,- აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა.

მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს. თურნავამ თქვა, რომ ” Wizz Air-ი არსად არ გადის, Wizz Air-ი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში”.

“ავიაკომპანია 2012 წელს შემოვიდა ჩვენთან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო Wizz Air-ის არეალი. კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება. კომპანიასთან ახლახან მქონდა საუბარი და Wizz Air-ი თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ. Wizz Air-ი არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული, ჩვენი მოქალქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში Wizz Air-ის მეშვეობით, ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და გვიბრუნდებოდა ისევ საქართველოში“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიამ თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა, მინისტრი ამბობს, რომ დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა.

“ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, რომ შეამციროს დანახარჯები და აკეთებს სხვადასხვა  გადაჯგუფებას. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, Wizz Air-ს თვითმფრინავი ეყოლება მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე თავის ბაზაზე. მთავარია, რომ Wizz Air-ი არსად არ გადის, ელოდება ჩვენს შეტყობინებას. მისი განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, Wizz Air-ი მყისიერად გააგრძელებს ფრენებს. ამას თვითონ Wizz Air-იც უახლოეს საათებში დაადასტურებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.