ავიაკომპანია Wizz Air-ი რეგიონში, კერძოდ კი ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ფრენების განრიგში მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა რეისი ისრაელის, დუბაის, აბუ დაბისა და ამანის მიმართულებით. აღნიშნული შეზღუდვა, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით იმოქმედებს.

ამასთანავე, ავიაკომპანიამ გადახედა საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებსაც და პრევენციის მიზნით, ამ მიმართულებით რეისების გაუქმების ვადაც 2026 წლის 7 მარტამდე გაახანგრძლივა. Wizz Air-ი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მუდმივ კავშირშია ადგილობრივ თუ საერთაშორისო საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება მათ უმაღლეს პრიორიტეტად რჩება, რის გამოც ოპერაციული გადაწყვეტილებები რეგულარულად გადაიხედება ვითარების შესაბამისად.

დაზარალებულ მგზავრებს, რომელთაც აღნიშნული ცვლილებები შეეხოთ, ავიაკომპანია პირდაპირ დაუკავშირდება და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელმისაწვდომი ალტერნატივების შესახებ. Wizz Air-ი აცნობიერებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული უხერხულობა შექმნას და მადლობას უხდის მგზავრებს გამოჩენილი გაგებისა და თანამშრომლობისთვის.