ცენტრალური ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, ლიკვიდურობის შემდგომი განმტკიცების მიზნით, 500 მლნ ევროს ობლიგაციების გამოშვებისთვის ემზადება.
COVID-19-ის პანდემიის შედეგად ავიასატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო, კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის გადალახვის ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტად ლიკვიდობა ხდება.
2020 წლის სექტემბერში Wizz Air-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა, რომ ავიაკომპანიას საკმარისი ლიკვიდობა ჰქონდა იმისათვის, რომ ორი წელი მგზავრის გადაყვანის გარეშეც გარადჩენილიყო.
პანდემიის გამოწვევებს უნგრულმა ავიაკომპანიამ საკმაოდ აგრესიულად უპასუხა, აითვისა სხვა ავიაკომპანიების ნიშები და გამოიყენა ზრდის ყველა შესაძლებლობა იქ, სადაც სხვები უკან იხევდნენ.
კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 15 იანვარს დაიწყო ახალი პროექტი – Wizz Air Abu Dhabi. სტარტაპმა ავიაკომპანიამ რეგულარული რეისებით ოპერირება დაიწყო აბუ დაბიდან ათენის მიმართულებით, ხოლო თებერვლიდან იწყებს ფრენებს სალონიკში და თელ ავივში.
პანდემიამ Wizz Air Abu Dhabi- ს პროექტის გაშვება 3 თვით შეაყოვნა. ავიაკომპანიის გეგმებშია ფლოტის გაფართოება Airbus A321neo-ებით და ფრენების დაწყება ალექსანდრიის (ეგვიპტე), ქუთაისის (საქართველო), ლარნაკას (კვიპროსი), ოდესის (უკრაინა) და ერევანის (სომხეთი) მიმართულებით.