Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (KUT) ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის (LYS) მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ბილეთების ფასი 69.99 ევროდან იწყება, ხოლო მათი შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში. ეს სიახლე კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის ვალდებულებას, გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
ახალი მიმართულება უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მგზავრობას დასავლეთ საქართველოსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს შორის. ფრენები ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით 2025 წლის 3 ივნისიდან დაიწყება და განხორციელდება კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს.
ლიონი, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, დახვეწილი გასტრონომიითა და დინამიკური სპორტული ცხოვრებით, იდეალური მიმართულებაა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნეს პროფესიონალებისა და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც საფრანგეთის გასტრონომიული დედაქალაქი, რომელიც განთქმულია მსოფლიოში აღიარებული მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნებითა და ტრადიციული ბუშონებით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ავთენტური ლიონური სამზარეულო. გარდა ამისა, ქალაქი მასპინძლობს მრავალ კულტურულ ფესტივალს, მათ შორის სინათლის ფესტივალს (Fête des Lumières), რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს.
Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი, ოლივია ჰარანგოზო:
„მოხარულები ვართ, რომ ლიონის მიმართულების დამატებით ჩვენს მგზავრებს კიდევ ერთ შესაძლებლობას ვთავაზობთ, აღმოაჩინონ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქი, Wizz Air-ის ხელმისაწვდომი ტარიფებით. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით ჩვენი მისიის – გავაფართოოთ მარშრუტების ქსელი და გავხადოთ მოგზაურობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის.“
ახალი მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფეხბურთის მოყვარულებისთვის, რადგან ქალაქ ლიონს მიეკუთვნება საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბი Olympique Lyonnais (ლიონის ოლიმპიკი). ეს არაჩვეულებრივი შეთავაზებაა ფეხბურთის მოყვარულებისთვის, რომლებსაც სურთ ევროპული ფეხბურთის მატჩების ყურება ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე. ამასთან, ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან ლიონის ოლიმპიკში ამჟამად თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 227 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.