2020 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნის შესახებ პროგნოზი საკმაოდ რეალისტურია, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. მისი განმარტებით, 10 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა -5,5%-ია და ნოემბერ-დეკემბერშიც დაახლოებით, ამ დონის ვარდნაა მოსალოდნელი.
“გარდა ამისა, რადგან ახლა დაწესებული შეზღუდვები გაზაფხულთან შედარებით მსუბუქია, ვფიქრობ, ეს ვარდნა ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რომელიც უკვე 10 თვეში გვქონდა“, – განმარტა ონლაინ კონფერენციაზე კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, კარგია, რომ საკრედიტო აქტივობა საკმაოდ აქტიურია, რაც ეკონომიკას და შიდა მოთხოვნას ეხმარება.
„რაც შეეხება მომავალ წელს, ვფიქრობთ, 2021 წელს ეკონომიკის 5%-ით ზრდა შესაძლებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ ფისკალური სტიმულიც საკმაოდ მაღალ დონეზეა დაგეგმილი ბიუჯეტის მიხედვით. უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – კოვიდის დროს პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია და ეს დაკავშირებულია ბევრ გაურკვევლობასთან. მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მოხდება კოვიდ-19-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პროგნოზები 2021 წლის თებერვალში განახლდება.