თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა, რომელზეც ავიაციის სფეროში ავტორიტეტულმა საერთაშორისო საექსპერტო კომპანია – ADP Ingénierie (ADPI)-მ იმუშავა, – ამის შესახებ Forbes-კვირის ეთერში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა.
თეა ზაქარაძის თქმით, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან, შესაბამის უწყებებთან, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს ინფრასტრუქტურა, სწორი ხედვა აქვს თუ არა ADPI-ს.
„ფრანგულმა კომპანიამ კი დადო ხედვა, მაგრამ ახლა ეს უნდა შეჯერდეს სახელმწიფოსთან. ამ ეტაპზე სახელმწიფომ დაიქირავა გერმანული კომპანია „დორნიე“, რომელიც პირდაპირ ითანამშრომლებს ამ ფრანგულ კომპანიასთან და ისინი შეაჯერებენ ამ გეგმას. ვფიქრობ, რომ 2 თვეში საბოლოო სახით ეს გეგმა უკვე იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი დაიდება და მოგვეცემა საშუალება, განვახორციელოთ ეს პროექტი“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
მისი განმარტებით, გეგმა ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში, მომავალი 20 წლის განმავლობაში რა სჭირდება აეროპორტს, რადგან მგზავრთა რაოდენობა გაიზრდება.
„წელს ვფიქრობთ, 3,5 მლნ მგზავრი გვეყოლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის „მასტერპლანს“, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ ბათუმის აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.
მთავარი აეროპორტები ვფიქრობ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის „მასტერპლანი“ 2 თვეში საბოლოო სახით უკვე იქნება წარმოდგენილი...