საქართველოს საავიაციო ბაზარზე, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ისევ თურქული კომპანია Turkish Airlines-ი დაწინაურდა. ავიაკომპანია საქართველოს ბაზარს პანდემიის პირობებშიც კი საკმაოდ მიმზიდველად უყურებს და ამიტომ სიხშირეებს სისტემატიურად ზრდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად , საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილების მიხედვით, 2021 წლის 3 თვის მონაცემებით, Turkish Airlines-ი ლიდერობს და მას პირველ კვარტალში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 19%-ი უკავია. შესაბამისად ავიაკომპანიამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე წილის 7%-იანი ზრდა მოახერხა. 2020 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკური მაჩვენებლებით Turkish Airlines-ის წილი 12%-ი იყო 2020 წლის პირველ კვარტალში ბაზრის ლიდერი ბაზრის 24%-იანი წილით Wizz Air-ი იყო, წელს კი მისი წილი 220 მგზავრით ფაქტობრივად 0%-ია.
2021 წლის 3 თვის მონაცემებით ბაზრის 11-11%-იან წილს იყოფენ უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი და თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი. თუცა მგზავრთნაკადის რაოდენობის მხრივ თურქულ ავიაგადამზიდავს უკრაინული ავიაკომპანია ლიდერობს, რადგანაც 2021 წლის იანვარ-მარტში SkyUp Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 8425 მგზავრს, ხოლო Pegasus Airlines-ი 8030 მგზავრს მოემსახურა.
მაშ ასე რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- Turkish Airlines – 19%;
- SkyUp Airlines – 11%;
- Pegasus Airlines – 11%;
- LOT Polish Airlines – 7%;
- FlyUIA – 7%;
- Belavia – 7%;
- flydubai – 6%;
- Lufthansa – 6%;
- Air France – 5%;
- Georgian Airways – 5%;
- Qatar Airways – 5%;
- Aircompany Armenia – 2%;
- AZAL – 2%;
- Air Astana – 2%;
- Air Arabia – 2%;
- AK-Air Georgia – 2%;
- Israir Airlines – 1%
- Uzbekistan Airways- 0%;
- Wizz Air Hungary – 0%;
- airBaltic – 0%;
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება. საგულისხმოა ისიც, რომ 2020 წელის 21 მარტიდან COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე ავიაკომპანიების უმეტესობას საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისების შესრულება შეზღუდული ჰქონდა. საქართველოს “ცა” გახსნა, თუმცა ზოგიერთი ავიაკომპანია რეგულაციების ფონზე საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების განახლებას დღემდე ვერ ახერხებს.